"სასულიერო პირებს არ გაუპროტესტებიათ "მაკდონალდსის" მშენებლობა, არამედ მათი სურვილი იყო იქ, სადაც "მაკდონალდსი" შენდება, მის მიმდებარე ზემო ტერიტორიაზე აშენდეს ეკლესია", - განმარტება ქუთაისში "მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის აშენებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ გააკეთა. მისივე თქმით, წამოყენებული წინადადებები მათი თხოვნით, "მაკდონალდსის" მიერ პროექტში გათვალისწინებულია.
"სასულიერო პირების მოთხოვნასა და "მაკდონალდსის" მშენებლობასთან შეუთავსებლობა არ არის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია, რომ იმ ტერიტორიიდან 800 კვადრატული მეტრი ეკლესიის ასაშენებლად ეპარქიას გადაეცეს. ეს ორი მშენებლობა ერთმანეთს ხელს არ უშლის.
პროექტი კიდევ გადაიხედება, ეს კულტურული მემკვიდრეობის არეალია. შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვაქვს ნებართვა გავცეთ, თუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არ შევუთანხმეთ. ეს პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გადაგზავნილია, რათა მათ თავიანთი შენიშვნებით დაუბრუნონ "მაკდონალდს“. - აცხადებს ქალაქის მერი და აღნიშნავს, რომ ინვესტორი ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს.
„ცენტრალურ მოედანზე კიბის ნაწილი აუცილებლად უნდა დარჩეს, რადგან იქ ადამიანები ტრადიციულად ფეხით ადიან.
ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნოდა, რომელმაც 800 000 ლარის სანაცვლოდ "მაკდონალდს" გადასცა იმისათვის, რომ კიდევ ერთი სერიოზული ობიექტი გაჩენილიყო. მის სანაცვლოდ, "მაკდონალდსმა" ინვესტიციის სახით 2 800 000 უნდა დახარჯოს და საკმაოდ კარგი შენობა უნდა გამოვიდეს. თვითონ ადგილი ძალიან სენსიტიურია, რადგან ქალაქის ცენტრია. პროექტს ბევრი მომხრე და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ზოგი ფიქრობს, რომ იქ ’’მაკდონალდსი“ არ უნდა აშენდეს, ზოგს მიაჩნია, რომ პირიქით უნდა აშენდეს და აუცილებლად ძალიან ლამაზი შენობა უნდა იყოს. ჩვენც ვემხრობით, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ დომინანტი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე დომინანტი თეატრი და სხვა კულტურული ძეგლებია“, - განაცხადა მურღულიამ.