გასულ წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯები 0.4%-ით $1,686 მილიარდამდე გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ საუბარია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, სამხედრო ხარჯების რეიტინგში ლიდერობას ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს. ეს მაჩვენებელი 2015 წლიდან 1.7% -ით, $611 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა 2010 წლის პიკურ მაჩვენებელზე 20%-ით დაბალია. SIPRI-ის შეიარაღებისა და სამხედრო ხარჯების განყოფილების დირექტორი დოქტორი ოდ ფლერანი აღნიშნავს, რომ აშშ-ში პოლიტიკური ვითარების ცვლილებების გამო აღნიშნული ბიუჯეტის მაჩვენებლის შემდგომი ცვლილებები ჯერჯერობით გაურკვეველია.
დოკუმენტის თანახმად, სიის მეორე ადგილზე ჩინეთი იმყოფება, რომლის სამხედრო ხარჯებიც 5.4% -ით $ 215 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზრდის ტემპი შემცირებულია. აღნიშნულ რეიტინგში მესამე პოზიცია რუსეთს ერგო, რადგან ქვეყნის სამხედრო ხარჯები 5.9% -ით $ 69.2 მილიარდამდე გაიზარდა. მანამდე მესამე ადგილზე საუდის არაბეთი იყო. ამჟამად საუდის არაბეთის სამხედრო ხარჯები 30% -ით შემცირდა და $ 63.7 მილიარდი შეადგინა. ასევე რეიტინგის პირველ ხუთეულში ინდოეთი მოხვდა, რომელმაც თავდაცვისა და შეიარაღების ხარჯები 8.5% -ით $ 55.9 მილიარდამდე გაზარდა.