საკონსულტაციო კომპანია Mercer-მა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის შვებულებების ხანგრძლივობა შეადარა ერთმანეთს და იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე დიდხანს ისვენებენ.
რეიტინგის მიხედვით, დასაქმებული ამერიკელი საშუალოდ წელიწადში 15 დღეს ისვენებს, ასევე მათ განკარგულებაშია 10 ფიქსირებული უქმე დღესასწაული.
Mercer-ის მიერ შედგენილ რეიტინგში ბოლო პოზიციაზე კანადა აღმოჩნდა. კანადაში ოფიციალური შვებულება წელიწადში მხოლოდ 10 დღეა, რასაც 9 დღესასწაული ემატება.
ჩინეთში შვებულების მინიმალური რაოდენობა 10 დღით არის განსაზღვრული. რეიტინგში ჩინეთი ბოლოს წინა პოზიციას იკავებს. თუ ჩინეთში დღესასწაული შაბათ-კვირას, ანუ უქმე დღეებს დაემთხვა, მაშინ დასვენების დღე ორშაბათს გადააქვთ.
ინდოეთში შვებულებისთვის 12 დღეა განკუთვნილი, რასაც 16 უქმე დღეც ემატება.
გერმანიაში ანაზღაურებადი შვებულება 20 დღეს მოიცავს, რასაც 11 უქმე დღეც ემატება.
სამხრეთ აფრიკაში კი დასაქმებულებს დასასვენებლად 33 დღის გამოყენება შეუძლიათ, რასაც 12 უქმე დღეც ემატება.
დიდ ბრიტანეთში კანონით 28 დღიანი შვებულება მოქმედებს, რასაც 8 უქმე დღეც ემატება.
ფინელები 30 დღიანი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ, რასაც წელიწადში 10 სახალხო დღესასწაული ემატება. რეიტინგის წამყვან პოზიციაზეა ბრაზილია და ლიტვა. საკონსულტაციო კომპანიის მონაცემებით, დასვენების დღეების რაოდენობის მიხედვით, სწორედ ეს ორი ქვეყანა ლიდერობს. ბრაზილიის შემთხვევაში ეს წელიწადის 41 დღეა. ლიტვაში კი დასაქმებულებს 13 დღესასწაულთან ერთად, 28 დღიანი შვებულებით შეუძლიათ სარგებლობა.