პირველი ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები თანხებზე, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება, კოორდინირებული იყოს“. ასე ახსნა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნის აუცილებლობა, რომელზეც გუშინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
"ქვეყნის პოპულარიზაციაზე ჩვენ მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავთ და ფორმალიზაცია იმისა, რომ ერთის მხრივ, ყოფილიყო კოორდინაცია ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით დახარჯული თანხებისა, ყოველთვის არსებობდა ამის მოთხოვნა. ჩვენ არაფორმალურ გარემოში, სამუშაო ჯგუფების დონეზე ვიკრიბებოდით, თუმცა პრაქტიკამ ნათლად გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან თანხებზე, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება, იყოს კოორდინირებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას კერძო სექტორი მიიღებს და მათთან ერთად გადაწყდება რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ქვეყნის პრომოციაზე თანხები.
„მე ძალიან მადლიერი ვარ კერძო სექტორის. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გააკეთა კერძო სექტორმა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორმა თუნდაც ერთი წლით ადრე იცოდეს, მათთან ერთად იყოს დაგეგმილი და შესაბამისად, მათი კონტრიბუციაც და ამონაგებიც უფრო მეტი იქნება. აქედან გამომდინარე, საბჭო შეიქმნა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის გადაწყვეტილებებში კერძო სექტორი იყოს ჩართული“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, ეს საბჭო სავარაუდოდ, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით იმუშავებს.
„ეს არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორის თანამონაწილეობით განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმროების ქსელმა, ასევე ტურისტებმა წინასწარ იცოდნენ, თუ რა კალენდარი იქნება ჩვენს ქევყანაში ამ მიმართულებით, თავიანთი აქტივობების დასაგეგმავად. მნიშვნელოვანი აქტივობები უნდა დაგეგმოს ასევე ტურიზმის ადმინისტრაციამ, რათა ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის გასართობ, თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებს“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა