Home
Category
TV Live Menu

რა ცვლილებები ელით აბიტურიენტებს 2018 წლის გამოცდებზე

5a0152b1624f8
თათია ჩაფიჩაძე
07.11.17 10:46
973
ერთიან ეროვნული გამოცდებში ცვლილებებია. 2018 წლიდან აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

წაკითხულის გააზრების ნაწილს ნაცვლად 6 დავალებისა, თან დაერთვება 10 დავალება. ამ დავალებათა ნაწილი კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.

ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს მარტივი დავალებების ხარჯზე მოხდება. ცვლილების მიუხედავად ტესტის დრო არ შემცირდება და ის თითოეულ ნაწილზე 1სთ და 35 წუთით განისაზღვრება.

2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა 20-ის ნაცვლად 24-ია. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას. აღნიშნული ცვლილების სანაცვლოდ ქულები 20-დან 16-მდე შემცირდება ტექსტის რედაქტირების სავარჯიშოზე.

მომდევნო წლიდან მარტივდება მათემატიკის გამოცდა. როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, მათემატიკის გამოცდაზე გაიზრდება მარტივი დავალებების ბლოკი. ასევე სიახლეა ის, რომ მომდევნო წელს გამოცდები აღარ ჩატარდება ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაძლოა აბიტურიენტებს გამოცდაზე შესვლის უფლება საკუთარი საწერი კალმებითაც მიეცეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ იანვრიდან გამოცდებისა და შეფასების ცენტრი აბიტურიენტებს ზოგად უნარებში სპონსორების მიერ მხარდაჭერილ ტესტირებას შესთავაზებს, რომლებშიც მონაწილეობა სრულიად უფასო იქნება.

იანვრიდან იგეგმება ზოგად უნარებში ყოველკვირეული რუბრიკის გაშვება, რომელსაც უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი წარუძღება და მასში სხვადასხვა ტიპის დავალებები იქნება განხილული.

Subscribe to our news

Get the main news of the day