უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, მშენებლობა მიტაცებულ მიწაზე, მიშენება და დაშენება - ის ძირითადი დარღვევებია, რის გამოც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაწყებული მშენებლობები გააჩერა. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა.
"ჩვენ ყოველდღიურად ვამოწმებთ მიმდინარე მშენებლობებს. როდესაც ჩვენ ობიექტზე შევდივართ, პირველ რიგში ვაკვირდებით უსაფრთხოების ნორმებს. უსაფრთხოების ნორმების დაცვა ძალიან მინიშვნელოვანია. მერე მივყვებით პროექტს, ვსწავლობთ, ხომ არ არის დარღვეული პროექტი. ხომ არ არის რომელიმე სართულზე დაშენება-მიშენება. ასევე, ხშირად გვხვდება ხოლმე სახელმწიფო მიწების მიტაცება. ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენზეა დაკისრებული, მაქსიმალურად შევისწავლით",- აცხადებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი.
კონკრეტულად რომელ კომპანიას შეუჩერდა მშენებლობის ნებართვა, მერიაში არ აკონკრეტებენ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა 54 მშენებლობა შეაჩერა.