საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 38 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ამ თანხაში არჩევნების მეორე ტური გათვალისწინებული არ ყოფილა.
რა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს არჩევნების მეორე ტური, უცნობია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რა თანხები იქნება საჭირო საპარლამენტო არჩევნების მაჟორირატული არჩევნების მეორე ტურისთვის.
ცესკოს ინფორმაციით, საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ოლქში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით კი, არჩევნების მეორე ტური 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში უნდა ჩატარდეს. ამჟამინდელი ინფორმაციით, მეორე ტური თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში ჩატარდება.
ბიუჯეტი, რაც მეცხრე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ჯამში 38 მილიონ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 10 მილიონით აჭარბებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ბიუჯეტს. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპერეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის 27 მილიონამდე ლარი გამოიყო, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.