"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს როგორც პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივების შესახებ, ასევე მათი მხრიდან ბიზნეს ინტერესებზე და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაზე. კანონის მიხედვით, პარლამენტის წევს უფლება არ აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და იყოს ამავე საწარმოს ხელმძღვანელი. გავლენიანი არასამათავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია სწორედ საწარმოს ხელმძღვანელად. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობა უფიქსირდებათ ,,ქართული ოცნების დეპუტატებს: ედიშერ თოლორაიას, დიმიტრი სამხარაძეს, იოსებ მაკრახიძეს, მამუკა მდინარაძეს, მარიამ ჯაშს, დავით ჭიჭინაძეს, დიმიტრი ხუნდაძეს, ევროპული საქართველოს წევრს- მამუკა ჩიქოვანს და პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ლომიას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა არის ძალიან მძიმე დარღვევა და ამის გამო შეიძლება პარლამენტის წევრს უფლებამოსილებაც შეუწყდეს.
"როდესაც საუბარი არის, რომ ზოგიერთი პარლამენტის წევრი ფიქსირდება როგორც დირექტორი სხვადასხვა კომპანიაში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ახალი არ არის.
ყოველთვიურად ვსწავლობთ პარლამენტის წევრთა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის საკითხებს. მათ შორის, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული პარლამენტის წვრები დირექტორებად ფიქსირდებოდნენ.ვთხოვთ, რომ მათი მონაწილეობა, რაც ფიქსირდება ამონაწერებში, შეცვალონ. როგორც წესი ამაზე პასუხი არის ის, რომ ეს არის ძალიან ძველი კომპანიები, მკვდარი სამეწარმეო საზოგადოებები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ და ამას უკავშირებენ, რომ დღემდე ფიქსიდებიან დირექტორებად, თუმცა ამის მიუხედავად ეს არის დარღვევა. თუ პარლამენტის წევრს დაუდგინდა, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს, ეს შეიძლება გახდეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი", - აცხადებს გიორგი კახიანი.
სისხლის სამართლის კოდექსით, ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილოს.