საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“, რომელიც უცხოელებზე მიწის გადაცემაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.
უცხოელი ვერ შეიძენს 5 ჰა-ზე ნაკლებ და 100-ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ:
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით;
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს;
• გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და ამავდროულად, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად, სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში და ცნობას სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.
ამასთან, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირმა უნდა წარმოადგინოს:
• კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული და რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში;
• ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს ჯამში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში;
• საინვესტიციო გეგმა, რომელიც ასახავს განმცხადებლის განზრახვას შესაბამის მიწის ნაკვეთზე ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენების, ბიომეურნეობის განვითარების, ბიოაგროწარმოების დანერგვის, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების, სასელექციო მეურნეობების მოწყობის ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით სათანადო კაპიტალდაბანდებების განხორციელების შესახებ;
• მტკიცებულება (საკუთრების მოწმობა, საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სათანადო წესით გაცემული საბანკო გარანტია) იმის დასადასტურებლად, რომ განმცხადებელი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს.
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, არჩილ თალაკვაძე, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, რომან კაკულია, რატი იონათამიშვილი, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ირაკლი ბერაია, ზაზა გაბუნია, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, სიმონ ნოზაძე.