ბიზნესმენი თემურ ჭყონია, თვლის რომ ლუდის აქციზის გადახედვა სავარაუდოდ აღარ მოხდება. როგორც ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, ლუდის მწარმოებლებისთვის აღნიშნული "საკითხი დახურულია" და მისი აზრით, ფინანსთა სამინისტრო აქციზური გადასახადის შეცვლას არ აპირებს.
"მე ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ლუდის აქციზის თემაზე რა წინადადებაც შემოგვთავაზა და რაზეც ხელი ჩამოვართვით, მას არ შეასრულებს. დრო გადის, ინფორმაცია არ გვაქვს, კონტაქტი არ არის ამ თემაზე და სურთ რომ ეს თემა მივიწყებას მიეცეს.
პრემიერი ამ თემის საქმის კურსშია და ხელმეორედ კიდევ ამ თემაზე შეწუხებას აზრი არ აქვს. ჩვენთვის ეს თემა დახურულია. რამდენიც არ უნდა ვიხმაუროთ და ვუთითოთ ბატონ ნოდარ ხადურს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მცდარი და რომ არის არასწორი და არის ბიზნესისთვის არახელშემწყობი გადაწყვეტილება, ეს პიროვნება ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რაც არის მისი პრინციპული დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ.
ფინანსთა სამინისტრო ტრაბახობს, რომ კარგი საგადასახადო სისტემა გვაქვსო - სისტემა კარგია, მაგრამ შიდა რეგულაციბი არის ცუდი", - განაცხადა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები აქციზური გადასახადის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად განაკვეთის ლუდის გრადუსიანობაზე მიბმას განიხილავდნენ. ჭყონიას თქმით, საკითხზე შეთანხმებაც შედგა, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება.
ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან გაიზარდა.