საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნული სისტემის მნიშვნელობასა და ქვეყანაში მის აუცილებლობაზე გადაცემაში "ანალიტიკა“ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი საუბრობს.
-ბატონო ოთარ, რით იქნება განსხვავებული სისტემა და რას ვაპირებთ ზოგადად დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებით?
-უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში არანაირი გარანტია არ არსებობს თუ რა მოუვა დეპოზიტარის ანგარიშს იმ შემთხვევაში თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება. რა თქმა უნდა, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო არსებობს, რომელიც საბანკო სისტემის მონიტორინგს ახორციელებს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ საბანკო სისტემაში პრობლემა არ წარმოიშვას, თუმცა პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის მექანიზმი დავნერგოთ, რასაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვია, რათა მოქალაქეს კითხვა არ გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა შეექმნება. ამიტომაც არის აღნიშნულის სისტემა ასეთი მნიშვნელოვანი.
-რამდენად სწორად არის სისტემის დანერგვის დრო შერჩეული?
-მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში განვითარებულმა კრიზისებმა ნათლად დაანახა ყველას აღნიშნული სისტემის აუცილებლობის შესახებ. თუ 2003 წლისთვის მხოლოდ 83 ქვეყანას ქონდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, დღევანდელ დღეს იგი 125 ქვეყანას გააჩნია. სიას საქართველოც შეემატება. სისტემის მნიშვნელობა არა ერთმა ქვეყანამ გააანალიზა და იგი ერთი მხრივ, კრიზისების გამკლავების ეფექტური მექანიზმია. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში საბანკო სისტემა მდგრადობით გამოირჩევა. რეალურად ამ სისტემის შერყევის არანაირი რისკი არ არსებობს, თუმცა დეპოზიტების სისტემის დანერგვის აუცილებლობა არის ზუსტად იმ დროს, როდესაც სისტემაში არანაირი შოკი არ არის. ქვეყანამ აღნიშნული რეფორმა იმ დროს უნდა გაატაროს, როდესაც ერთი მხრივ, საფინანსო სისტემა ძლიერ ფორმაშია და მეორე მხრივ, როდესაც მას კარგი და ხარისხიანი ზედამხედველობის ორგანო გააჩნია. ამ კრიტერიუმებს დღევანდელ დღეს ჩვენ ვაკმაყოფილებთ და ზუსტად ამიტომ უარის მიზანშეწონილი, რომ ეს სისტემა ახლა დაინერგოს. იმედია, მომავალში მისი ამოქმედება არასდროს არ მოგვიწევს და საქართველოში საბანკო სისტემა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც დღეს არის.
-ბრძანეთ, რომ დეპოზიტების დაზღვევა კრიზისებთან გამკლავების ეფექტური სისტემაა, საპირისპიროდ 2013 წლის კვიპროსის მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს, წნეხი კომერციულ ბანკებზე უნდა გავზარდოთ?
-ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში კიპროსი ერთ-ერთი ცუდი მაგალითია, თუმცა მანდ სხვა სისტემური პრობლემები არსებობდა. მაგალითად, როგორიც არის მთავრობის არამდგრადობა, კორუფცია და არაეფექტური მართვა, რამაც განაპირობა საბოლოო ჯამში მათ საბანკო სისტემის ჩამოშლა. აშშ-ის მაგალითს მოვიყვანდი, სადაც 2008 წლიდან 2012 წლამდე 465 ბანკს დაუდგა დეპოზიტართა გასტუმრების პრობლემა და 465 შემთხვევაში მათმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემამ ძალიან ეფექტურად იმოქმედა. შევიდნენ და შესაბამისად, საბანკო აქტივების ინტეგრაცია მოახდინეს. ამიტომ მხოლოდ კიპროსის მაგალითით ნუ ვიხელმძღვანელებთ. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს დეპოზიტების დაზღვევის თემა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც აქტუალურია. მაგალითად, გასულ თვეს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს ფინანსური პრობლემა დაუდგა და რეალურად ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებდა, რის გამოც სერიოზულ პრობლემებთან მოუხდა გამკლავება. ასევე უკრაინაში, რუსეთსა და ყაზახეთში არა ერთ ბანკს მოუწია გაკოტრების რეჟიმში გადასვლა და შესაბამისად, იგივე დაზღვევის სააგენტომ მოახდინა დეპოზიტარების ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძლიერი საბანკო სისტემა გაგვაჩნია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5-10 წლის შემდეგ რაღაც რისკებისგან დაცული იყოს მთლიანი სისტემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სტაბილურობის კუთხით ბოლო საფეხურია. იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი ორგანო ვერ მოახდენს რომ ბანკს ლიკვიდობის პრობლემა არ შეექმნას, ყველაზე ბოლო მექანიზმი, რომელიც ირთვება დეპოზიტების ანაზღაურებაა. მიუხედავად საბანკო სექტორის გამართული მუშაობის და მდგრადობისა, გრძელვადიან პერიოდში ეს მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გრძელვადიანი რისკებისგან დავიცვათ სისტემა.
-აღნიშნული სისტემის ამოქმედება ზოგადად რას შეცვლის, რადგან კომერციული ბანკების შეფასებით, ამ სისტემის შენახვასთან დაკავშირებით მათი ხარჯები საშუალოდ 15-20 მილიონით იზრდება, აისახება თუ არა ეს რაიმე ფორმით მომხმარებელზე?
-ეს ის არგუმენტებია, რასაც ექსპერტებისა და ზოგიერთი საბანკო სექტორის წარმომადგენლისგან ხშირად ვისმენთ, თუმცა ამ შეფასებაში ვერანაირად ვერ დავეთანხმები. საბანკო სისტემა ძლიერი პერფორმანსით გამოირჩევა მიმდინარე წელს, წლის ბოლომდე ნავარაუდევია, რომ მათი წმინდა მოგება 800 მილიონს გადააჭარბებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია შარშანდელთან შედარებით, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 650 მილიონზე ცოტა მეტი იყო. აქედან გამომდინარე, ამის ფონზე, როდესაც წმინდა მოგება 800 მილიონზე მეტია, თუ სექტორს დაახლოებით 12-დან 13 მილიონ ლარამდე დეპოზიტების დაზღვევის ფონდის დაფინანსება მოუწევს, თანაფარდობა 2%-ზე გაცილებით ნაკლები იქნება. გამოდის, რომ რეალურად ამ ფონდის დაფინანსება წმინდა მოგებიდან 2%-ზე ნაკლები დაუჯდება. საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას ეს ნამდვილად ვერ მოახდენს, ვინაიდან ეს ხარჯი ძალიან მცირეა. ციფრების ანალიზი ძალიან მარტივად შეიძლება. დადებით ბენეფიტზეც უნდა ვიფიქროთ, რაც აღნიშნულ სისტემას საბანკო სექტორისთვის მოაქვს. კერძოდ, იგი უფრო გრძელვადიანი დეპოზიტების განთავსებას უწყობს ხელს, ადგილობრივ ვალუტაში თანხის მოზიდვის რესურსსაც აძლიერებს და ასევე წვრილ ბანკებსაც ეხმარება მათთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა რომ გაიზარდოს, რითიც ისინი მოქალაქეებში უფრო სანდო ხდებიან. თუ მოქალაქეს ბანკში 5 ათასი ლარი ექნება იგი დაიზღვევა, თუმცა ეს საწყისი ეტაპია და 5 ათასი ლარი საკმარისი თანხა არ არის. არ შეიძლება, რომ მხოლოდ კომერციული ბანკების ხარჯს შევხედოთ და იმ ბენეფიტზე არ ვისაუბროთ, რაც მოაქვს. როდესაც საერთაშორისო პრაქტიკას ვაანალიზებთ, ამ სისტემის ხარჯი უფრო მცირეა, ვიდრე ის პოტენციური ბენეფიტი, რაც კრიზისი დადგომის შემთხვევაში მოაქვს ფონდს. ფონდი სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ამის ხარჯზე ბანკს ნაკლები რესურსის დახარჯვა უწევს კრიზისის შემთხვევაში. არ შეიძლება ცალმხრივად შევხედოთ და მხოლოდ დღევანდელი ხარჯებით შევაფასოთ ის კონტრიბუცია, რასაც ისინი ყოველთვიურად გაიღებენ ფონდის მიმართ. მოქალაქეები ისედაც ვერ ადევნებენ თვალს ბანკებს, ანუ როგორ აბანდებენ ისინი ამ სახსრებს და ვერ აკონტროლებენ რა საქმიანობას ეწევიან. ზუსტად ამისთვის არის ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი სისტემა აწყობილი და ზუსტადაც, რომ მოქალაქეები ბანკის არასწორი პოლიტიკისგან დაცულები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილა პრაქტიკა, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, ბანკებს მეტი სახსრები მოუზიდავთ და შემდეგ რისკიანი პორტფელები შეუქმნიათ, თუმცა ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში მომხდარა, სადაც მარეგულირებელი სისტემა სუსტი იყო. ჩვენ შემთხვევაში ამის რისკს ვაცნობიერებთ და იგი არც არსებობს.
-ერთ-ერთი მიზანი დანაზოგების წახალისებაა, კონკრეტულად რა იგულისხმება?
-მიჩნეულია, რომ მოქალაქეებს, ვისაც გრძელვადიანი დაბანდების სურვილი აქვთ ნაწილ თანხას აბანდებენ და ნაწილს სახლში ინახავენ, ან სხვადასხვა აქტივებში აბანდებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ იმის მოტივაციას ვუჩენთ, რომ ნაცვლად მაგალითად, უძრავი ქონების შეძენის, ან თანხის სახლში განთავსებისა, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გავქვს, რომ მოქალაქეებს თანხის სხვადასხვა ბანკში გრძელვადიანად გადანაწილება შევთავაზოთ. საპროცენტო განაკვეთები განსხვავებულია და მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს გრძელვადიანად დაზოგოს და არ იფიქროს იმაზე, რომ მას შეიძლება ერთ წელიწადში საბანკო რისკებიდან გამომდინარე ამ თანხის გამოტანის აუცილებლობა დაუდგეს. ზოგიერთ მოქალაქეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაზოგოს, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელსაც შესაძლოა საშუალო შემოსავალი ქონდეს და დაზოგვის საშუალება აქვს და სხვადასხვა დაზოგვის ფორმებს ამჯობინებს და გრძელვადიან დანაზოგებზე არ აკეთებს აქცენტს. თუ შემოსავლების ტენდენციას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეკონომიკა საკმაოდ საინტერესო ტემპით იზრდება და ასევე შემოსავალებიც ერთ სულ მოსახლეზე და საშუალო ხელფასის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე ჩვენ ბოლო წლების სტატისტიკა გავაანალიზეთ დეპოზიტებთან დაკავშირებით და ამასაც ვხედავთ, რომ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. წლიდან წლამდე დაახლოებით 10%-ით იზრდება საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად დეპოზიტებიც მატულობს, მოქალაქეების შემოსავლებიც იზრდება და რა თქმა უნდა, თუ მოქალაქეს დღეს დაზოგვის შესაძლებლობა არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ხვალ და ზეგ ამის საშუალება არ ექნება. აქედან გამომდინარე ეს სისტემა მნიშვნელოვანია.
-რა მოსდის იმ ფულს, რომელსაც კომერციული ბანკები შემოიტანენ ფონდში იმ პერიოდში, როდესაც ეს რისკები არ დგება?
-ეს ფონდი სწორედ იმიტომ არის, რომ თანხა არსებობდეს და კრიზისის შემთხვევაში მომენტალურად მოხდეს ამ თანხის დახარჯვა და გადანაწილება ასანაზღაურებელ ანგარიშებზე. ის თანხა, რაც ფონდში შემოვა, სხვადასხვა კლასის აქციებში ინვესტირდება და ეს ძალიან მაღალი ლიკვიდობის მქონე საფინანსო ინსტრუმენტები უნდა იყოს და იმ შემთხვევაში თუ კრიზისი დადგება, ამ აქტივების ნაღდი ფულით ჩანაცვლება და მოსახლეობაზე დარიგება უნდა მოხდეს. ფონდი აბსოლუტურად ტრანსპარენტული იქნება და მომხმარებელს კვარტალში ერთხელ გამოქვეყნებული რეპორტის მეშვეობით საკუთარი თანხის ნახვა შეეძლება თუ სად არის იგი აკუმულირებული და ასევე რა სარგებელი მოაქვს ამ ინვესტირებულ თანხას, რადგან მნიშვნელოვანია ფონდს მოგებაც დაერიცხოს და გაიზარდოს. და იმ ზომის გახდეს, რომელიც მნიშვნელოვანი თანხების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.