რატომ არ უშვებენ მესაზღვრეები საქართველოში აზიიდან ტურისტების ნაწილს?
BM.GE
14.07.23 23:30
• 95
ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ ამაზე ტურიზმის ინდუსტრია წლებია საუბრობს. კონკრეტული მაგალითები ინდოელი ტურისტების საქართველოში არ შემოშვებაზე მოჰყავს ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილს, რომელიც ინდოეთის ბაზარზე წლებია მუშაობს. მისი თქმით, ამ კუთხით არსებული ხარვეზები წლების განმავლობაში აღმოფხვრილი იყო, თუმცა ბოლო ორი კვირაა იგივე პრაქტიკა დაბრუნდა. მურაჩაშვილი აცხადებს, რომ იმ დროს როცა ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა მსგავსი პრობლემები საზღვარზე არ უნდა იქმნებოდეს. მისი თქმით, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა ქვეყანა ინდოეთის ბაზარს, რომელიც მხარჯველუნარიანობის თვალსაზრისით ევროპის ბაზარს არ ჩამოუვარდება, სამუდამოდ დაკარგავს. პრობლემებს ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოსავალთან დაკავშირებით ადასტურებს სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილიც. ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ტურისტების საზღვრიდან უკან დაბრუნების შემთხვევები დღესაც ხშირია, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მისი თქმით, პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი, რომელიც აზიის ბაზრიდან შემოსულ ტურისტებზე პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ის არ დაარღვევს სავიზო რეჟიმს და არ დარჩება ქვეყანაში.