პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიწის მართვის ეროვნული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც BM.ge-ის ოთარ დანელიამ განუცხადა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტთან ერთად მზადდება კანონთა პაკეტი, რომელიც პარლამენტში ორგანულ კანონთან ერთად შევა.
"ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სუბიექტი - მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც მოქნილი იქნება და მიწის ნასყიდობის თუ გარიგების შემთხვევაში, მას უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ აკმაყოფილებს რაღაც პირობებს, მას მოუწევს მიწის გასხვისება ან თუ არ გაასხვისებს, ექსპროპრიაციის გზით ჩამოერთმევა მიწა და სახელმწიფო ბალანსზე დაბრუნდება; ასევე საეჭვო გარიგებების შემთხვევაში ან საზღვრის პირა რაიონებში მიწების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოს უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება; გარდა ამისა, როცა საეჭვო წარმოშობის ინვესტორს სურს მიწის ყიდვა ან კერძო პირი ყიდის მიწას და სახელმწიფო ინტერესებში არ შედის, რომ სხვა კონკრეტულმა პირმა იყიდოს, უპირატესი შესყიდვის უფლებას გამოიყენებს სააგენტო და ა.შ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალი სააგენტო უნდა შეიქმნას, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება", - განმარტა დანელიამ.
მისივე თქმით, სააგენტოს ფუნქციებს შორის იქნება მიწის ნაყოფიერების შესწავლა, მიწის რესურსების მართვის სტრატეგიის გაწერა და ა.შ.