2017 წლის 11 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 37,4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,9 მლნ ტონით ნაკლებია, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
-ბატონო პაატა, 2017 წელს ტვირთბრუნვის თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა სტატისტიკა, როგორ ფიქრობთ რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო?
-სატრანსპორტო დერეფანი, მისი კონკურენტუნარიანობა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობები ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი ორი ძირითადი კომპონენტის - სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის შემზღუდავი ფაქტორების გამოაშკარავება და სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფაქტორები. აღნიშნული ორი ფაქტორის ურთიერთშეხამების და ურთიერთდაკავშირების საფუძველზე დამატებითი ტვირთების მოძიება და მოზიდვა ხდება და ამის რეალური პერსპექტივები თუნდაც 2018 წელს არსებობს. აუცილებელია აღნიშნული ორი ფაქტორის სინთეზურად კოორდინაცია და განვითარება. სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის შემზღუდავ ფაქტორებს რაც შეეხება, ეს მხოლოდ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არ ხდება. ინფრასტრუქტურის შემზღუდავი ფაქტორები დერეფნის მთელ სიგრძეზეა გაფანტული. მაგალითად, საქართველოს რკინიგზას გაბარიტული შეზღუდვები ახასიათებს და ამას მოკლებული ვართ. მეზობელ თურქმენეთსა და აზერბაიჯანში ნავსადგურების მოძრავი შემადგენლობის, დაგროვების პრობლემები არსებობს.
-რა პრობლემის წინაშე დგას საქრთველო, სადმე თუ იყო შესაძლებელი ცვლილება მარტივად განხორციელებულიყო, რომ აღნიშნულ შედეგამდე არ მივსულიყავით?
-კონკრეტული ცვლილებები, რა თქმა უნდა, განხორციელდა. საქართველოს რკინიგზამ 14-ჯერ მოახერხა კონკრეტული მიმართულებებით ტარიფები დაეწია. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მეზობელ რკინიგზებთან შეთანხმებით განხორციელდა და ამას გარკვეული დამატებითი დრო ესაჭიროება. ეს არ არის მყისიერი რეაქცია, რომელიც შედეგს მოგვცემს. ამან კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ დღესდღეობით არსებოს იმის რეზერვი რომ თუნდაც მიმდინარე წელს 2-დან 3 მილიონ ტონამდე დამატებითი ტვირთნაკადი მოვიზიდოთ და ამით დავაკომპენსიროთ ის 2012 წლიდან დაწყებული ტვირთნაკადების კლება, რომელმაც სატრანზიტო გადაზიდვებში თითქმის 60-%-ს მიაღწია, რაც ყველაზე საგანგაშოა. ძველ ნიშნულს ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ.
-წინ წასვლის მოსწრება მიმდინარე წელს შესაძლებელია?
-მყისიერად დაახლოებით 7-8 მილიონი ტონა ტვირთის ამოწევა და დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. კონკურენტუნარიანობის ფაქტორები თავისი შინაარსით ძვირადღირებული არ არის განსხვავებით ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა. ეს უფრო საკანონმდებლო სივრცეებს და ერთიანი ოპერატორის მცნების შემუშავებას მოიცავს. თუნდაც, მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტრანზიტის ხელშეწყობის კანონის შემუშავებას, ტრასეკას ინსტიტუციონალური მექანიზმების უფრო ეფექტურად ჩართვას და ა.შ. ეს ღონისძიებები ფინანსურად არ არის ძალიან დიდი ტევადობის და მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი. საქართველოს რკინიგზა და ნავსადგურები მეზობელ ქვეყნებთან ერთად კონკრეტულ ტვირთებს ეძებენ, რომლებიც რეალურად არსებობს. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ აღინიშნება, იგი დერეფნის მეზობელი ქვეყნებს უკავშირდება. საქართველოს რკინიგზა და ნავსადგურები მხოლოდ ცალკეული მიმართულებებით ამას ვერ შეასრულებენ. აქ სახელმწიფოს ჩართულობა და ამ მიმართულებით პასუხისმგებელი ორგანოს არსებობა არის აუცილებელი. დაწყებული ჩინეთიდან უკრაინის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ 13-14 ქვეყანაა გაერთიანებული და მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც აღნიშნულ სექტორზე პასუხისმგებელი ორგანო არ ყავს. საქართველოში მხოლოდ ერთი დეპარტამენტია, სადაც სატრანსპორტო დერეფნების სამმართველო არსებობს, თუმცა პირადად მე ამ სამმართველოდან არაფერი გამიგია.
-თქვენი პროგნოზით ტვირთბრუნვის კუთხით კლების ტენდენცია გაგრძელდება თუ გარკვეულ დასტაბილურებას ელით?
-არ მგონია, რომ კლების ტენდენცია გაგრძელდეს და ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ უკანასკნელ სამ წელიწადში ტვირთნაკადის კლების ტენდენციის შეჩერება შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყენამ მოახერხა. ეს მხოლოდ საქართველოს ვერ შეძლო. უკანასკნელ სამ წელიწადში მინუს 27%-იან კლებაზე გავალთ. თუმცა, ბოლო სამ წელიწადში მთლიანად აუზში 4%-ით არის ტვირთნაკადის მოცულობა გაზრდილი, მაგალითად, რუმინეთში 7%-ით, რუსეთში 13%-ით, ბულგარეთში 6%-ით, თურქეთში 6%-ით, ანუ აუზის მეზობელმა ქვეყნებმა ტვირთნაკადის კლების შემცირება და დადებით დინამიკაში გადასვლა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურმა როგორც საკონტეინერო ნაკადის, ასევე გადაზიდული ტვირთების ზრდა მოახდინა და ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ დერეფანში კონკრეტულად ჩვენს მონაკვეთზე ტვირთნაკადების დამატებითი მოცულობების მოზიდვის აქტივიზაცია უნდა მოხდეს. სხვადასხვა ქვეყნებიდან დამატებით 2-დან 3 მილიონ ტონა ტვირთის მოზიდვა არის შესაძლებელი.