რუსული ღვინის კომპანიები ქართული ღვინის იმპორტითა და წარმოებით ისევ ინტერესდებიან, - ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК იტყობინება.
"უკან ისევ საქართველოში - როგორ ბრუნდება რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინო",- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, დისტრიბუციისა და საკუთარი მეურნეობის წარმოებაზე ფიქრობს კომპანია Абрау-Дюрсо, ხოლო კომპანია Simple აპირებს, მის საკუთრებაში არსებული ვენახები 15-20%-ით გაზარდოს.
РБК -ს ინფორმაციით, ღვინის სახლის Абрау-Дюрсо-ს დამფუძნებელი და მფლობელი მის გუნდთან ერთად საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, რადგან კომპანია ადგილზე საკუთარი პროექტის განხორციელებას აპირებს.
"განვიხილავთ საქართველოში ჩვენი პროექტის პოტენციალს, ეს შეიძლება იყოს, როგორც დისტრიბუცია, ასევე აქტივების შეძენა",- აცხადებენ კომპანიაში, თუმცა, პოტენციურ პარტნიორებს არ ასახელებენ.
ღვინის ტრეიდერი კომპანია Simple კი აცხადებს, რომ „ქართულ ღვინოზე ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსრდება და მოთხოვნა კიდევ გაიზრდება“.
"გავზრდით ქართული ღვინის იმპორტს, პარალელურად დავიწყებთ მუშაობს საკუთარი წარმოებისთვის",- აცხადებენ კომპანიაში.