"მას შმედეგ, რაც HACCP-ის სტანდარტები შევიდა ძალაში, ბევრმა მეწარმემ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და გადაინაცვლა იატაკქვეშეთში“,- ამის შესახებ bm.ge-ს ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ბაზარზე არალეგალურად მოქმედი საწარმოების რიცხვი იზრდება, რაც ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. მიზეზი კი ისაა, რომ კონკრეტული საწარმოები კანონის გვერდის ავლას ცდილობენ და ფიზიკურ პირებად აგრძელებენ მუშაობას, რადგან 2020 წლამდე ეს სეგმენტი რეგულაციებისგან გათავისუფლებულია.
"არალეგალურად მოქმედი საწარმოების რიცხვი გაიზარდა მას შმედეგ, რაც HACCP შევიდა ძალაში. ბევრმა მეწარმემ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. მოიხსნა ბიზნესის როლი. აღარ დარეგისტრირდა იურიდულ პირად და ბიზნესოპერატორად, დარეგისტრირდა ფიზიკურ პირად, რომელიც გათავისუფლებულია 2020 წლამდე ყველა ვალდებულებისგან. ერთი მხრივ, ჩამოიხსნა სეს-ის ვალდებულებები და მეორე მხრივ - საგადასახადოსი. ეს არის ტიპიური კრიმინალი, ასეთი არის ბაზარზე ძალიან ბევრი. შეიძლება ითქვას, 50% თითქმის ასეთი მეთოდოლოგიით მუშაობს, ქვეყანაში არის არაკონკურენტუნარიანი გარემო",- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.
იმავე ტენდენციაზე საუბრობს „შირაქის რძის პროდუქტების“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაძე. მისი თქმით, არარეგისტრირებული მეწარმეები ბაზარზე დაბალი ფასით შემოდიან და არასამართლიან პირობებში აყენებენ ე.წ. კეთილსინდისიერ საწარმოებს.
"მეწარმეებმა, რომლებმაც ვერ გაუძლეს კონკურენციას, გადაინაცვლეს იატაკქვეშეთში. გააუქმეს რეგისტრაცია, შპს-ები, ინდმეწარმეები და ე.წ. იატაკქვეშეთში გადავიდნენ, რაც ამარტივებს შემდგომში მათს ბაზარზე გამოსვლას იაფი პროდუქტით. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ახდენენ ეტიკეტირებას, არ უწევთ ჰიგიენაზე ზუნვა, არ აქვთ HACCP-ის სტანდარტი, არ აქვთ კანონთან ვალდებულება, რომ გადასახადეგბი გადაიხადონ, იაფი უჯდებათ პროდუქცია და ბაზარზე გამოდიან დაბალი ფასით, რაც მთლიანობაში ხელს უშლის სხვა საწარმოებს“,- აცხადებს მეწარმე.