"რეგიონის ძირითადი ვალუტები 100%-ზე მეტად გაუფასურდა, ლარი კი 60-70%-ით, რაცარ არის კარგი, თუმა საქართველო იმყოფება ძალიან კარგ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ლარის კუსთან დაკავშირებით, „წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციებს“ ჰქონდა ადგილი, რაც უმეტესად „ოპონენტების გაკეთებულ განცხადებებს" უკავშირდება.
"გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არის ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, თუ რამხელა განსჯა მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ მიზნებსა და ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ.
მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რა გეგმები გვაქვს, რა მიზნებზეა ორიენტირებული ეს ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ და შევეხო იმ სამეზობლო გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე პროცესებს, რომელშიც ვიმყოფებით.
პირველ რიგში, ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო - პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ სოციალური ფონისა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობაა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში საიმისოდ, რომ ვიმსჯელოთ მომავალ ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე”, - განაცხადა პრემიერმა.