Home
Category
TV Live Menu

რეკომენდაციები სარეკლამო SMS-ების შესაწყვეტად

5a2319364bb9a
BM.GE
03.12.17 10:00
1126
პირდაპირი მარკეტინგი არის მომხმარებლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქონლის, მომსახურების ან დასაქმების შეთავაზება. (შესაძლებელია რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნაც - მაგ. მოწოდება, ეწვიოს კომპანიის ვებ-გვერდს).

რა შემთხვევებში შეიძლება მოქალაქის პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის?

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ნებისმიერი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს, თუ მოქალაქემ განაცხადა თანხმობა; ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან. მონაცემების შეგროვების მიზნის მიუხედავად, კომპანიებმა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დაამუშაონ მხოლოდ შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ფაქსის მისამართი.

რა არის საჯარო წყარო?

საჯარო წყაროდ მიიჩნევა რეესტრი, ვებ-გვერდი, ცნობარი და სხვა, სადაც პირის საკონტაქტო მონაცემები არის ღია და ხელმისაწვდომი.

ვინ არის პასუხისმგებელი პირდაპირი მარკეტინგის დროს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე?

პირდაპირ მარკეტინგზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომლის სახელითაც იგზავნება სარეკლამო შეტყობინება, მიუხედავად იმისა, უშუალოდ ახორციელებს მარკეტინგს თუ სარეკლამო კომპანიის მეშვეობით.

როგორ შეიძლება არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა?

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოთხოვოთ კომპანიას თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა მარკეტინგი ან გამოიყენოთ კომპანიის მიერ შექმნილი სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები. მაგ. შეტყობინების ბოლოს შეიძლება ეწეროს ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვითაც მოითხოვთ სპამის გამოგზავნის შეწყვეტას. კომპანია ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების გამოყენება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობა გაცხადებულია, მაგრამ მოქალაქეს აღარ სურს შეტყობინების მიღება?

მიუხედავად იმისა, გაცხადებულია თუ არა თანხმობა, მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა შეტყობინებაზე უარის თქმის დადგენილი წესით.

თუ უარის თქმის მიუხედავად კომპანია აგრძელებს სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას, ვის უნდა მივმართოთ?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს

რა სახის ჯარიმას ითვალისწინებს კანონი პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის?

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს კომპანიის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო თუ კომპანია 1 წლის განმავლობაში კვლავ დაარღვევს კანონს, ჯარიმა 10 000 ლარაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day