საქართველოს ეკონომიკას აქვს შანსი მიაღწიოს დაგეგმილ 4%-იან ზრდას, რაც გამოწვეული იქნება კერძო სექტორის განვითარებით და სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაზრდილი ხარჯებით, - განაცხადა Reuters-თან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
"გასულ წელს, ეკონომიკური ზრდის 2,2%-მდე შემცირების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა გაუმჯობესებას აჩვენებს ექსპორტის კუთხით.
„ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილ 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს", - ამბობს გახარია.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს გავლით ნავთობისა და გზის ტრანზიტი ევროპის მიმართულებით ხდება. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კი ხელი გაზრდილმა ექსპორტმა და ფულადმა გადმორიცხვებლა შეუწყო.
"კერძო სექტორი კარგად ვითარდება და მთავრობის მიერ კაპიტალური დანახარჯები გაიზრდება", - ამბობს გახარია. მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი გეგმა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაა.
ამასთან, გახარია Reuters-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობა ამჟამად განიხილავს შეჩერებულ გეგმას, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების გაყიდვას გულისხმობს, რის მიზეზადაც არახელსაყრელი საბაზრო მდგომარეობა სახელდება.
Reuters წერს, რომ მსგავსმა პირობებმა შეაცვლევინა მთავრობას თავდაპირველი გეგმა, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის საზღვარგარეთ საჯარო შეთავაზებას ითვალისწინებდა. მსგავსად ასახელებს გახარია საქართველოს რკინიგზასაც.