საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებშიც ამერიკასთან ძლიერი კავშირების შენარჩუნებას ელოდება - ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელმაც გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
გამოცემის ცნობით, საქართველო ელოდება, რომ ამერიკასთან მისი კონტაქტები მჭიდრო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს. როგორც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, ყველაფრის მიუხედავად საქართველო NATO-სთან ღრმა თანამშრომლობას გააგრძელებს.
„ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან კონგრესში როგორც რესპუბლიკელებთან ასევე დემოკრატებთან გაგრძელდება რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე და...მიზნებზე, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში გვაქვს“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა გამოცემასთან საუბრისას.