დეპუტატ რევაზ არველაძის ინფორმაციით, "ხუდონჰესის" მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.
"მშენებლობა თითქოს 2016 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ პროცესების (ადგილობრივ მოსახლეობასთან შეუთანხმებლობა) გამო გადაიდო და მე როგორც ვიცი, წელს უნდა დიაწყოს და დაიწყება თუ არა, ვნახოთ", - განაცხადა არველაძემ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას და დასძინა, რომ მშენებლობას 6 წელი დასჭირდება.
კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროექტის დაწყება, არველაძემ პასუხად განაცხადა, რომ ამ პროცესზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილის ნეგატიურმა განწყობებმა იმოქმედა.
"გარდა მოსახლეობისა, არაფერს შეუშლია ხელი. ეს ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო, როცა ე.წ პატრიოტული ძალების, თითქოს ქვეყნის ძალიან მოყვარულების მცდელობით შეჩერდა კი არა, გაჩერდა ამ სადგურის მშენებლობა, თუმცა საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები უკვე შესრულებული იყო", - აღნიშნა არველაძემ.
მისი განმარტებით, "მოსამზადებელი არაფერი აღარ არის, პირდაპირ შეიძლება სამშენებლო სამუშაოების დაწყება".
რაც შეეხება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კახა კალაძის მიერ ორი თვის წინ დაანონსებულ გეგმას, დეპუტატი ჯერ-ჯერობით რაიმე დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართული არ არის.
"ხუდონჰესის" განხორციელების გეგმა ამ ეტაპზე არ განგვიხილავს, თუმცა ამაზე უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ. ეს არის ობიექტი, რომელიც დიდი ხანია, დაკონსერვებულია და არც არის წესიერად დაკონსერვებული.
ეს ჰესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს არა მხოლოდ ენერგეტიკისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობისთვის", - განაცხადა არველაძემ.
ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში კი, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "მათ მთავრობა ახალ საცხოვრებელს იმაზე უკეთესი პირობებით შესთავაზებს, ვიდრე ახლა აქვთ".