საქართველოში მარიხუანა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია მამაკაცების 32%-ს და ქალების 2.9%-ს,- ამის შესახებ ნათქვამია "ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების" (RIA) დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ განიხილა.
დოკუმენტის მიხედვით, კანაფის ბოლო 30 დღეში მოხმარება აღნიშნა მთლიანი შერჩევის 1.2%-მა. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების („ბიო-სმოუკები“, „სპაისები” და სხვა) მოხმარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი (კვლევაში მონაწილე 4,800-ზე მეტი რესპონდენტიდან სულ 69). ასევე, დაბალი აღმოჩნდა სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებლები.
"ეს, სავარაუდოდ, რეალობას არ ასახავს და შესაძლოა მიუთითებდეს, რომ რესპონდენტებმა თავი აარიდეს სიმართლის გამჟღავნებას სადამსჯელო კანონმდებლობისა და/ან სტიგმის გამო",- ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე მითითებულია, რომ საქართველოში ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა იზრდება.
"15-64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაზე გადათვლილი ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი (2.02%) დაახლოებით 3-ჯერ უფრო მაღალია საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით9. საქართველოს მოსახლეობაში მაღალია ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი. 2015 წლის მონაცემებით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ექიმის დანიშნულების გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტი გამოუყენებია ყოველ მეათე გამოკითხულს",- ნათქვამია RIA-ში.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საბიუჯეტო ოფისის აპარატის თანამშრომლების მიერ ჩატარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.