Home
Category
TV Live Menu

RICO Credit: "ვითომ ტრაგედიაა, რომ ცვლილებების შედეგად მიკროსაფინანსოებს პრობლემები შეექმნათ, ეს ასე ნამდვილად არაა"

58807572ab63e
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.17 14:00
3192
"ვითომ ტრაგედია, რომ ცვლილებების შედეგად მიკროსაფინანსოებს პრობლემები შეექმნათ, ეს ასე ნამდვილად არ არის",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სესხები გაძვირდება, არასწორია. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ცვლილებების გასაპროტესტებლად კომპანიის წარმომადგენლები არც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვედრიან.

ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სანამ მთავრობა ოფიციალურად განაცხადებდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიკროსაფინანსოებს, ონლაინსესხებსა და კომერციულ ბანკებს ეხებათ, დიდი ხნის განმავლობაში სექტორის წარმომადგენლებთან მიდიოდა საუბარი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

„სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა მზაობა - ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, დაახლოებით 6,5%-7%-ში აძლევს ლარის რესურსს. ეს ზუსტად იგივე პროცენტია, რაშიც იღებენ ბანკები. ეს ყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც არ გაძვირებოდათ რესურსი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ სესხი გაძვირდება, არასწორია“,-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

მისივე განცხადებით, პირველი ტრანში ეროვნული ბანკის მხრიდან იანვრის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება თამასუქების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებას, "რიკო კრედიტის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მთავრობამ მოსახლეობის დაცვის მიზნით მიიღო. ბიზნესმენი ამბობს, რომ საფინანსო კომპანია "საქართველოს" და MFX Broker Georgia-ს მაგალითებმა აჩვენა, რომ ყველა ორგანიზაციას თამასუქების გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

"აქ რაიმე საგანგაშოს ან პრობლემატურს ვერ ვხედავთ. ეს არის გარკვეული დაცვითი მექანიზმი მოსახლეობისთვის. საუბარია იმ პატარა ორგანიზაციებზე, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მოსახლეობისგან თანხებს და შემდეგ რისკის ქვეშ აყენებდნენ მომსახურებას. ეს მოხდა იმისთვის, რომ მოსახლეობის მასიური დაზარალება არ ყოფილიყო",- აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინსესხების კომპანიების, ასევე კომერციული ბანკების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძეს შეხვდა და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები დააფიქსირა. საუბარი ეხება კანონებს, რომლებიც ეხება ლარში ფასდადებას, 100 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემას და თამასუქების გაცემის შეზღუდვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. აღნიშნულ ცვლილებებზე შენიშვნები თავად პრეზიდენტსაც ჰქონდა, თუმცა, კანონს ვეტო არ დაადო და ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების იმედით ხელი მოაწერა.

Subscribe to our news

Get the main news of the day