სახელმწიფო ონლაინ-სესხების რეგულირებაზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ონლაინ-სესხების კომპანიების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება, თუმცა კონკრეტულად როგორ მოხდება მათი რეგულირება ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომპანია "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ონლაინ-სესხების კომპანიებს პირველ რიგში უძრავი ქონების დაყადაღება უნდა აეკრძალოთ, ასევე უნდა მოხდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაც. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ონლაინ-სესხებმა დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი შექმნა, რისი მიზეზიც კანონში არსებული ხარვეზებია.
"დღეს კანონში არის ცარიელი გრაფები, რომელიც აძლევს ამ კომპანიებს საშუალებას საქმის დასრულებამდე სრულად დააყადაღოს მსესხებლის უძრავი ქონება, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ. ჩვენს კომპანიაში, იპოთეკური სესხის განაცხადების 60% ონლაინ სესხების გამოა აღებული. 100 ლარიანი სესხი ძალიან მალე 1000 ლარი ხდება, სასამართლო დავა კი შესაძლოა 2 წელი გაგრძელდეს. სანამ სასამართლო განიხილავს ამ დავას საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ყადაღდება მსესხებლის ქონება, როგორც უძრავი ასევე მოძრავიც", - ამბობს ნიკოლაიშვილი. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ქვეყანა სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს და ონლაინ-სესხები კომპანიებს საცხოვრებელი სახლების დაყადაღებას აუკრძალავს.
"თუ სურთ უძრავ ქონებაზე წვდომაც, მივიდნენ ნოტარიუსთან, გააფორმონ ხელშეკრულება და შემდეგ გაფორმდეს სესხი. ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეძლებს ონლაინ-სესხის კომპანია იმას, რასაც ბედავს საქართველოში - აყადაღებს მოსახლეობის ქონებებს და სახლებს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.