რისთვის იყენებენ საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტს? საქსტატის კვლევიდან ირკვევა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 79.8%-მა ისარგებლა. ამასთან, ბოლო 3 თვეში მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელთა 99%-მა გამოიყენა, სადაც ქალების მაჩვენებელი კაცებისას აღემატებოდა: ქალების შემთხვევაში ეს 99.1%, ხოლო კაცებისათვის - 98.8% იყო. ასაკობრივ ჭრილში კი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (99.8%) 15-29 წლის მოსახლეობამ აჩვენა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 60.3%. ამასთან, საქალაქო დასახლებებში 70.7%–ს აქვს კომპიუტერი, სოფლად კი – 46.1%–ს. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია – 73.6% და 62.7%, შესაბამისად.