"პროგრამულ ნაწილში ჩვენ ბიუჯეტი არ შეგვიმცირებია, მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას თუ არ გავითვალისწინებთ", - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის შემცირება თავიდანვე დაანონსებული იყო.
"არავისთვის ყოფილა სიურპრიზი, რომ პროგრამას დასასრული ექნებოდა“, - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ დანარჩენი შემცირება ბიუჯეტში საოპერაციო ნაწილს შეეხო.
"ყველა სამინიტრომ თავისი შრომის ანაზღაურებები და საოპერაციო ხარჯვის ნაწილი 10%-ით შეამცირა, რაც ფაქტიუირად ოპტიმიზაციას უკევშირდება თვითონ ადმინისტრაციული საქმის წარმოების კუთხით. რომ გავიგოთ თუ რა მოგვცა ამ პროგრამამ, ეს ყველაფერი კომპლექსში უნდა წარმოვიდგინოთ. საუბარი არ უნდა გვქონდეს, მაგალითად მხოლოდ იმაზე, ნათესი ფართობები თუ რამდენიმე ათასი ჰექტარით გაიზარდა. ფართობები, რომ გაიზარდა ეს უკვე კარგი შედეგია და აღსანიშნავია, რომ მთელი წინა წლების განმავლობაში ნათესი ფართობების შემცირება ხდებოდა. პროგრამის მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ სოფლის მეურნეობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ჩარევა იყო საჭირო, რომ ამ მიმართულებით ინვესტორი შემოგვეტრიალებინა, რათა სოფლის მეურნეობა პოპულარული გამხდარიყო და აღნიშნულ სფეროში კლება და ვარდნა გაჩერებულიყო და ზრდა დაწყებულიყო.
სოფლის მეურნეობაში ამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ, ზრდა მართლაც დაიწყო, თუმცა ეს პროგრამა ერთადერთი პროგრამა არ იყო, რითიც ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ. ეს პროგრამა სხვა პროგრამებთან ერთად უნდა განვიხილოთ კომპლექსში. შედეგებს თუ შევეხებით, - მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი არ იზრდება და ალბათ არც გაიზრდება, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდება, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდება, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენ რა დამატებით ღირებულებას ვქმნით სოფლის მეურნეობაში და ამ მხრივ ჩვენ 2012 წელთან შედარებით ფაქტიურად 25%-ით გაგვეზარდა მაჩვენებელი.
თუ წარმოვიდგენთ, რომ ეკონომიკის სხვა დარგებიც ასევე სწრაფად გაიზრდება, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში არ უნდა იზრდებოდეს", - განაცხადა დავითაშვილმა.