თბილისში გარევაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული ღონისძიებები ორი კვირის ვადაში დასრულდება. მომდევნო დღეების განმავლობაში გარე ვაჭრობა მეტრო ’’სამგორისა“ და მეტრო ’’ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიებზე აიკრძალება. მაისის შუა რიცხვებამდე კი კანონგარეშედ მოწყობილი ბაზრობები და თბილისის ქუჩები სრულად გაიწმინდება, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.
- ბატონო ირაკლი, გარევაჭრობასთან დაკავშირებით პროცესი რამდენად კარგად მიმდინარეობს, მერია აქტიურ ქმედებებზე გადავიდა და ის შეთანხმება, რომელიც ბაზრობების ასოციაციასთან შედგა არის თუ არა ძალაში?
- გარევაჭრობის პორცესს ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით. პრობლემა საკმაოდ მასშტაბური იყო და თბილისის ძალიან ბევრ უბანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა წერტილებში ძალიან დიდი იყო გარევაჭრობის მასშტაბი. ამ ეტაპზე ბოლო აქტივობა, რომელიც თბილისის მერიამ განახორციელა ეს ’’ახმატელის“ მეტროს ტერიტორია იყო. ჩვენ ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი ლოკაცია გვრჩება. ეს არის ’’სამგორის“ და ’’ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ჯერ კიდევ არის გარევაჭრობა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებით მოქმედებებს უახლოეს ორ კვირაში დავიწყებთ და ყველა ძირითადი ადგილი, სადაც კონცენტრირებული იყო დიდი მასშტაბით გარევჭრობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ კვირაში დასრულებული იქნება. შესაძლოა გარკვეულ ადგილებში გარევაჭრობის დახლები რჩება და ამას მასშტაბური სახე არ აქვს, მაგრამ ჩვენ ეტაპობრივად, მაქსიმალური მონიტორინგის საფუძველზე ვუზრუნველყობთ იმას, რომ ის, რასაც გარევაჭრობა ქვია, არასასურველ პირობებში კვების პროდუქტებით, ტანსაცმლით თუ მალფუჭებადი პროდუქტებით ვაჭრობა თბილისში აღარ იყოს.
- გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებები მიდის თუ არა, რომ მათ დახურულ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ და როგორია ამ შეთავაზების მიმართ მათი დამოკიდებულება?
- მიჩვეული ადგილიდან, როდესაც ადამიანების სხვა ადგილას გადაყვანა ხდება, ბუნებრივია მათ შეიძლება გარკვეული წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ქონდეთ, თუმცა ჩვენი მიდგომა ძალიან თანმიმდევრულია და ალტერნატივებს მოიცავს. ბაზრობების ასოციაციასთან, რომელიც თბილისის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა ორგანიზებულ ვაჭრობას აერთიანებს, მათთან გარკვეული სიტყვიერი შეთანხმება იყო მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად იყვნენ ამ ადამიანების მისაღებად. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, უკვე ბევრმა მათგანმა გადაინაცვლა ლოკაციებზე, სადაც ორგანიზებული სავაჭრო სივრცეებია და ბუნებრივია, ამ ალტერნატივების გამოყენება თითოეულ მათგანს შეუძლია. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს იქ ვაჭრობა რთულია, მომხმარებელი არ მიდის და ა.შ. როდესაც ქუჩებში აღარ იქნება სავაჭრო დახლები და ობიექტები, მომხმარებელი იქ მივა, სადაც მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქცია იყიდება. ჩვენი პოზიცია მყარია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებში მალფუჭებადი პროდუქცია არ უნდა ივაჭრებოდეს. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურმაც შესაბამისი განცხადება გააკეთა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის სოციალური ფონი, რომელიც არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემას თბილისში უნდა მოევლოს და ეს ბუნებრივია, უკვე ბოლოსკენ მიდის.