როდის შეიკრიბება ახალი პარლამენტი და როდის დამტკიცდება ახალი მთავრობა - არჩევნების საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული. პარლამენტი მუშაობას იმ შემთხვევაში შეუდგება, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს გამოაცხადებს, რაც ნიშნავს, რომ ცესკომ არჩეულად მინიმუმ 100 დეპუტატი უნდა გამოაცხადოს.
ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. პირველი სხდომის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში სულ 150 დეპუტატი უნდა შევიდეს, აქედან 77 პროპორციული სიით არჩეული წევრი იქნება, 73 კი მაჟორტარული წესით არჩეული კანდიდატი.
პროპორციული სიის მიხედვით პარლამენტში შევა ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ შემთხვევაში კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
შედეგად, თუ ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 23-მა მაჟორიტარმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა მეორე ტური დაინიშნება და ახალი პარლამენტის შეკრება გადაიწევს. ამ შემთხვევაში პარლამენტი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში შეიკრიბება.
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
პრემიერმინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.