საწვავის იმპორტიორების და ფარმაცევტული სექტორის შემდეგ პრემიერის ყურადღება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებმა მიიპყრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველადი მოხმარების იმპორტიორები მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.
მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ დავალებაც გასცა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემაზე საუბარი ბიზნესთან კომუნიკაციით უნდა გადაწყვიტოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ მთავრობამ კერძო სექტორს ფასების შემცირება მოსთხოვა. ლოგიკურად გაჩნდება ალბათ კითხვა, ვართ თუ არა ისევ თავისუფალი ბაზრის პრინციპზე დაფუძნებული ეკონომიკის ქვეყანა და აგერ პასუხიც.
ლევან დავითაშვილის თქმით, პრემიერის დავალების მიზანი არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამორიცხვაა, და არა ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა. ეკონომიკის მინისტრმა ის დროც გაიხსენა, როდესაც პანდემიის პერიოდში პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასების შენარჩუნების მიზნით იმპორტიორების ხელშეწყობას სუბსიდირებით ახდენდა.
სინამდვილეში ამ პასუხს ვერაფერს დაუწუნებ, სამართლიანი შენიშვნაა ვიცე პრემიერისგან. ამიტომაც არ არის სწორი სუბსიდირება არაფრის. არაფრის ხელოვნურად მართვა ბაზარზე კარგ შედეგამდე არ მიდის. და ამ თემაზე დიდხანს რომ არ გავაგრძელო, არადა სუბსიდირების უარყოფით გავლენებზე საუბარი ბევრი შეიძლება ისევ პრემიერ მინისტრის გუშინდელ გზავნილს დავუბრუნდეთ. ყიდიან თუ არა იმპორტიორები პროდუქტს 100% ზე მეტი ნამატით და რატომ არის ასეთი განცდა მომხმარებლის მხრიდან.
სტუმარი: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;