ნებისმიერი კომპლექსის თუ კონფლიქტის მიღმა დგას კონკრეტული ფიქრი, რომლისაც გვჯერა და შემდეგ, ამ ფიქრის ფილტრიდან ვუყურებთ სიტუაციას - ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში - თინათინ ბასილაია „ქალების ნარატივში“
-როდის მიხვდით რომ ექსპერტობა შეგეძლოთ, როდის აღმოაჩინეთ ეს საყრდენი?
-საყრდენი ნელ-ნელა ძლიერდებოდა, ბავშვობიდან მოყოლებული. რაღაცები ხდება შენს ცხოვრებაში და ცდილობ, იპოვო პასუხები კითხვაზე - რატომ? ასევე საგულისხმოა ის ასპექტები, თუ რაღაც როგორ შექმენი, როგორ გამოიწვიე ესა თუ ის მოვლენა და სიტუაცია შენს ცხოვრებაში. 2013 წლიდან უფრო აქტიურად დავიწყე ტრენინგებზე სიარული, ძალიან ბევრი პასუხი ვიპოვე საკუთარ თავში. აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. ამ შემთხვევაში, მივხვდი ჩემი გაუცნობიერებელი პროგრამებიდან როგორ ვქმნიდი სხვადასხვა სიტუაციებს. ბავშვობიდან მოყოლებული, როცა სამყაროს ვეცნობით, ძალიან ბევრ არასწორ დასკვნას ვაკეთებთ და მერე მთელი ცხოვრება ამის მიხედვით ვცხოვრობთ. ამის შეცვლა შეიძლება, თუ ჩვენ ამ დასკვნებს ვიპოვით და გავანეიტრალებთ, მისგან გავთავისუფლდებით, ამის ტრანსფორმირებას მოვახდენთ და ჩვენს ნამდვილ სათქმელს ვიპოვით. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენს წილი პასუხისმგებლობის გააზრება. როცა დაბრკოლება ჩნდება, დიდია ცდუნება, რომ ეს სხვას დააბრალო.
-თქვენს ცხოვრებაში როდის მოხდა ამ კუთხით გარდატეხა?
-2014 წელს; ეს უკავშირდება ერთ-ერთ ტრენინგს, სადაც აღმოვაჩინე, თუ რამდენი არასწორი პროგრამა მქონია. გადავწყვიტე, ამაზე საკუთარ თავთან კარგად მემუშავა. თუ ბევრი რამისგან არ გავთავისუფლდებოდი, რაც მაწუხებდა, ვიცოდი, რომ ბევრ სირთულეს ხელოვნურად შევიქმნიდი. დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება, რომ მართლა დარჩე საკუთარ თავთან და უკეთ გაიცნო, ბევრი რამ აღიარო, გამოუტყდე და პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.
-პროფესიის თინეიჯერობისას აირჩიეთ. საიდან მიიღეთ ინსპირაცია?
-ჩემი ინსპირაცია იყო ქართველი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, 7 წელი ვიარე მის ჯგუფში. ამას დაერთო სხვადასხვა ტრენინგები, შემდეგ ბაირონ ქეითსაც შევხვდი, რაც ასევე დიდ ინსპირაციას უკავშირდება.
-ხშირად ირგებთ ყვავილებიან გვირგვინს; ეს ჰარმონიას გმატებთ?
-გამახსენდა, აღვიდგინე, რომ ეს ბავშვობის პერიოდიდან მომწონდა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოვხვდი და იქაური გვირგვინები მოვირგე, ეს უკვე ჩემი იმიჯის ნაწილი გახდა.
-ბაირონ ქეითს რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
-ის ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი ადამიანია. მას პირველად 2016 წელს შევხვდი, დავინახე, რომ მისი თვალებიდან დიდი სიყვარული, ნდობა, სითბო მოდიოდა. იყო ძალიან ბავშვური, გულწრფელი. მივხვდი, რომ რაზეც საუბრობს, წერს, ის მართლა ამით ცხოვრობს. ახლა დაახლოებით 76-77 წლისაა, მაგრამ, ჩემი განცდით, მის სხეულში 16 წლის გოგონა ცხოვრობდა.
-თქვენ მისი რა მეთოდი გამოიყენეთ?
-ბაირონ ქეითის „სამუშაო“. მართლაც სამუშაოა თავზე ჩასატარებელი. ეს მეთოდი უკავშირდება ადამიანთან, ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან დაკავშირებით არსებულ ნეგატიურ ფიქრებს. ნებისმიერი კომპლექსის თუ კონფლიქტის მიღმა დგას კონკრეტული ფიქრი, რომლისაც გვჯერა და შემდეგ, ამ ფიქრის ფილტრიდან ვუყურებთ სიტუაციას. თუ გვჯერა, რომ ვიღაცამ გვაწყენინა, მის ნებისმიერ ქმედებას ვუყურებთ იმ გადმოსახედიდან, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც გვაწყენინა. ეს ვრცელდება ადამიანისადმი გარკვეულ დამოკიდებულებებზეც, თუ როგორია ის ჩვენს თვალში. ეს ფილტრები საკუთარი თავის შესახებაც გვაქვს. ამას ქეითი ისტორიას ეძახის - რა ისტორიას ვყვები საკუთარი თავის შესახებ. გვიყალიბდება გარკვეული თვითშეფასება, შეხედულება საკუთარ თავზე და შემდეგ ამ ფილტრით აღვიქვამთ. მნიშვნელოვანია ამ ფილტრებს გადავხედოთ და უფრო რეალურად შევხედოთ იმას რაც არის. შეიძლება, აბსოლუტურად სხვა თვალით დავინახოთ საკუთარი თავიც, სხვა ადამიანებიც, ცხოვრებაც.
-ამბობთ, რომ ტელევიზორს ნაკლები სიხშირით უნდა ვუყუროთ; რამ ჩამოგიყალიბათ ასეთი დამოკიდებულება?
-ეს მუხტი, ასევე, თუნდაც რაც სოციალურ ქსელში ტრიალებს, საკმაოდ დამძიმებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ინფორმაციულ ვაკუუმში და ჩვენი ბაბლით არ უნდა ვიფარგლებოდეთ, მაგრამ საუბარია დოზაზე. როცა ეს ინფორმაცია მუდმივად განგაშის ხმით გვესმის, ვითრგუნებით და ჩვენი ყურადღება გადადის თვითგადარჩენაზე. როცა ჩვენი ფოკუსი თვითგადარჩენაზეა მიმართული, შეუძლებელია შემოქმედებითი იდეები მოგვივიდეს, სხვა რამეზე გადავერთოთ, არადა ეს მნიშვნელოვანია. თუ ამას მუდმივად ვუსმენთ, შეიძლება ცხოვრებამ გვერდით ჩაგვიაროს. მუდმივი ყურებისას, შეიძლება სულ პასიურად დავრჩეთ და ეს დრო საკუთარი თავის გამოხატვას, თუ თუნდაც, იმ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახმაროთ. ვფიქრობ, რომ შინაგანი ჰარმონიულობის პოზიციიდან, უფრო უკეთ გამოვა პრობლემების მოგვარებას.
-თავად გიყვართ მედიასთან კომუნიკაცია?
-ძალიან, რადგან ამით შემიძლია ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა, თუნდაც ერთი ისეთი სიტყვა უთხრა, რაც მის დღეს ან თუნდაც, ცხოვრებას შეცვლის.
-რა შეცვალეთ თქვენს მიერ ნათარგმნი წიგნებით?
-შედეგი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ველოდი. ეს გამოიხატა, მათ შორის, ოჯახურ სიტუაციებში, ასევე ბევრმა საკუთარი თავი იპოვა, სხვა თვალით შეხედა, ზოგმა პროფესია შეიცვალა და ა.შ.
-სამომავლოდ რას ველოდოთ თქვენგან?
-გამოვეცით „გიყვარდეს ის, რაც არის“ - მეორე ტირაჟი. უკვე ხელმისაწვდომია. ვმუშაობთ ამ პროექტზე, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისწავლოს საკუთარ თავზე, ფიქრებზე მუშაობა, საყრდენი იპოვოს თავის თავში და ეს გარეთ ნაკლებად ეძებოს. მეც ვაგრძელებ პროფესიულად განვითარებას. გათვალისწინებული მაქვს რუსულენოვან აუდიტორიასთან მუშაობაც. თუმცა, გადავწყვიტე 2021 მთლიანად ქართულენოვან სივრცეში ვიყო. პანდემიის პერიოდში ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია. ვეცნობი ახალ მეთოდებს, მახასიათებს მათი სინთეზირებაც.
-ხართ ექსტრემალი; მოგზაურობისა და ექსტრემის კუთხით, რა ძირითად სარგებელს ხედავთ?
-მოგზაურობის დროს, სხვადასხვა კულტურებს ვაკვირდები. მჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთს ვგავართ და სხვადასხვა კულტურების შეცნობით, შეიძლება საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ, ახალი რამ აღმოვაჩინოთ. ვფიქრობ, მოგზაურობა მსოფლმხედველობის განვითარებაში გვეხმარება.
რაც შეეხება ექსტრემის მიმართულებას, ერთხელ პარაპლანით ვიფრინე. ეს ჩემთვის ძალიან ექსტრემალური იყო. ასეთი აქტივობებით შიშების დაძლევას ვცდილობ. ასევე, ორჯერ გავიარე ნაკვერჩხალზე ფეხშველმა. ერთ-ერთ ტრენინგზე, მე ვიყავი ერთადერთი მონაწილე, რომელმაც არ გაიარა, შემდეგ კი მივხვდი, რომ ჯობდა, გამებედა, ამიტომ მივედი ტრენერთან და ვუთხარი რომ მზად ვიყავი. გავლის, შიშის დაძლევის შემდეგ, დიდი ენერგია ვიგრძენი.
-პირადი ცხოვრების თვალსაზრისით რა ასპექტებს გამოყოფდით?
-ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, განსაკუთრებით ურთიერთობების მხრივ. თუ მანამდე ბევრი კომპლექსი მქონდა, ამაზე მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ მსურდა ისეთი ურთიერთობა მქონოდა, სადაც ვარ ის, ვინც ვარ, სადაც არ დამჭირდება სხვას თავი მოვაწონო, გავხდე სხვანაირი, სხვისი სიამოვნებისთვის საკუთარ სურვილებზე უარი ვთქვა. ასეთ დროს იმ ადამიანის დაკარგვის შიში გვიჩნდება, გვეშინია რომ არ ვიქნებით ისეთი, როგორსაც ის ჩვენგან ელოდება. ეს ურთიერთობებს ამძიმებს.
-პროფესიული თვალსაზრისით, მიიჩნევთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ?
-ბევრი მასშტაბური მიზანი მაქვს, თუმცა, სადამდეც ახლა მოვედი, ამაზე ნამდვილად ვოცნებობდი 13 წლის ასაკში. ვცდილობთ, ჩემს გულს ვუსმინო, მქონდეს კონტაქტი და აქედან გამომდინარე ვიმოქმედო. შინაგან „მე“-სთან კონტაქტის გარეშე, გაგვიჭირდება რაღაც მასშტაბურის შექმნა. მიმაჩნია, რომ ადამიანის ხელები ღმერთის ინსტრუმენტია. თუ ასე ინსტრუმენტებად აღვიქვამთ საკუთარ თავს, შესაძლებელი იქნება ბევრი და დიდი საქმე ვაკეთოთ, რომლებიც ადამიანური მასშტაბებით, შეიძლება საშიში და რთული იყოს. თუ ჩვენს გულთან და შინაგან არსთან გვექნება კონტაქტი, მგონია, რომ ის ბევრ დიდ სასარგებლო საქმეს გაგვაკეთებინებს.
სტუმარი: თინათინ ბასილაია - ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში