Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ უნდა გაიაფდეს სურსათი?

BM.GE
27.02.23 09:40
86
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.

განცხადებებთან ერთად იყო დავალებაც, ეკონომიკური გუნდის წევრები ფასების “რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე მუშაობენ. პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები დაიწყო კერძო სექტორთანაც. იმის გათვალისწინებით რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრებიდან მონაწილეები განსხვავებული შინაარსის ინფორმაციით და კომენტარებით გამოდიან, ამჟამად უცნობია რას ნიშნავს “ფასების დარეგულირება”, რადგანაც სახელმწიფოს კერძო ბიზნესისთვის კონკრეტული საფასო ჩარჩოების და ლიმიტების დადგენა არ შეუძლია. ისევე როგორც არ შეუძლია კერძო ბიზნესს მოგების მარჟები განუსაზღვროს.

რაც ვიცით ორივე მხარიდან კერძო სექტორისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან არის ის, რომ პრობლემად დასახელებული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. 

ევროდირექტივის მიზანია აღკვეთოს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენება მიმწოდებლებთან მიმართებით. დირექტივის ძირითადი ტექსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე მალფუჭებადი საქონლის პირველად მწარმოებლებს შეეხება. დირექტივის მიხედვით, არ შეიძლება მალფუჭებადი პროდუქციის მიღებაზე უარი ნათქვამი იყოს, შეთანხმებულ თარიღამდე 30 დღეზე ნაკლებ ვადაში.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ამ საკითხების მოგვარება საბოლოოდ სურსათის პროდუქციის ფასზეც მოახდენს გავლენას. ამბავი ის არის, რომ ევროდირექტივა რომელზე დაფუძნებითაც კანონის მომზადებაა გეგმაში თავის მხრივ ამოცანად ფასების შემცირებას და გაკონტროლებას არ ისახავს მიზნად, შესაბამისად კითხვები ბევრი რჩება.

სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი;




Subscribe to our news

Get the main news of the day