Home
Category
TV Live Menu

როგორ უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე?

5a280737aaf07
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.17 10:00
1428
თბილისის მერი კახა კალაძე მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას სთხოვს. კალაძემ უწყების ხელმძღვანელს იმ მშენებლობების შეჩერება სთხოვა, რომლის დეველოპერებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შესაბამის მითითებებს არ გაითვალისწინებენ. ამასთან ერთად, ქალაქის მერმა პროექტების ფასადების მკაცრი კონტროლი მოითხოვა.

"არცერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც არ იქნება მოცემული თუ როგორი უნდა იყოს გარე ფასადი",- აღნიშნა კალაძემ.

საქმის კურსის მიერ გამოკითხული სპეციალისტები თბილისის მერის პათოსს იზიარებენ.

არქიტეტორი არჩილ ქურდიანი ამბობს, რომ, ერთი მხრივ, სფეროში არ არსებობს ნორმები, მეორე მხრივ კი, რაც არსებობს არ სრულდება.

სპეციალისტის თქმით, დადგენილი ნორმები აუცილებლად უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი უბედური შემთხვევა აღარ განმეორდეს.

"ვფიქრობ, ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ არ არის განსხვავება დიპლომირებულ და არადიპლომირებულ არქიტეტორებს შორის. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს პროექტი. ყველა ევროპულ ქვეყანაში კი არის გარკვეული სია სერთიფიცირებული არქიტექტორებისა, რომლებსაც აქვთ უფლება კონკრეტული მიმართულების პროექტები განახორციელონ, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის",- აცხადებს არჩილ ქურდიანი.

მისივე თქმით, 2017 წლამდე არ არსებობდა ნორმები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას დაარეგულირებდა, ნელ-ნელა კი ამ მიმართულებით კანონმდებლობა იხვეწება.
რაც შეეხება შენობების ფასადს, არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მართლაც იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკვე აშენებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადში კორექტირებები შევიდეს.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფასადის გარდა სამშენებლო კომპანიებმა მერიასთან სამშენებლო კონსტრუქციაც უნდა შეთანხმონ, რამდენადაც ეს დღეს აბსოლუტურად არ კონტროლდება, მშენებლობის ხარისხს კი ძირითადად სწორედ ეს განაპირობებს.

"ამასთან, გასამკაცრებელია მშენებლობაზე ზედამხედველობა. უნდა შემუშავდეს ნორმები, როგორ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს შენობა ექსპლუატაციაში. დღეს შეღებავენ შენობას და იღებენ ექსპლუატაციაში, მერე შიგნით ვინ რას ანგრევს და აშენებს, არავინ იცის. არ მთავრდება რემონტი",- აცხადებს არქიტექტორი.

არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი კი მიიჩნევს, რომ ამ დრომდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ არსებული სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმები გაკონტროლებულიყო. როგორც მან საქმის კურსს განუცხადა, რეგულაციები, რომლებიც წლების წინ გააუქმეს, აღარ მოქმედებს, რის გამოც სფეროში სერიოზული პრობლემებია.

სპეციალისტს იმედი აქვს, რომ თბილისის მერის ბოლოდროინდელი განცხადებები საქმედ იქცევა და მშენებლობების კონტროლი რეალურად დაიწყება.

"მხოლოდ ფასადების მოწყობით მშენებლობაში საქმე არ გამოსწორდება. საჭიროა სისტემური რეორგანიზაცია. დღეს სისტემა არსებობს ქაღალდზე და ხელისშემშლელ პირობებს ქმნის სფეროსთვის. უპასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა ამ მიმართულებაში. ქალაქის განაშენიანების საკითხები კი პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ",- ამბობს სპეციალისტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day