Home
Category
TV Live Menu

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? - რეკომენდაციები

59dcbc132cb01
BM.GE
10.10.17 16:39
975
აზიური ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში მეთხილეობის დარგს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ინვაზიური მავნებელს, თხილის გარდა, თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანება შეუძლია. სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებელთან ეფექტური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს ავრცელებს, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებსაც. როგორც "საქმიან დილასთან“ საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან გამკლავებას ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ცდილობს.

"პრობლემა მართლაც სერიოზულია. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგი გრეგ კრავჩუკი გაეცნო. მან აღნიშნული პრობლემის არსი და გადაჭრის გზები კარგად იცის და სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე სტრატეგია აიგო, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეს ღონისძიება ხორციელდება. თავიდან მავნებელი 2000 წელს პენსილვანიის შტატში აღმოაჩინეს, ხოლო 2010 წელს იგი 34 შტატში გავრცელდა და ზარალი, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობას მიაყენა 21 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. როდესაც მავნებელი ცოცხალი შემოდის და მას ეკოსისტემაში ბუნებრივი მტერი არ ხვდება, იგი უკონტროლოდ მრავლდება. სწორედ ასე მოხდა კოლორადოს ხოჭოს, ამერიკის თეთრი პეპლის, კალიების შემთხვევაში და გამონაკლისი არც ეს არ არის“, - ამბობს ლიპარტია.

მისივე განცხადებით, მოსახლეობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა, რომელშიც მწერის მავნებლობა-ბიოლოგია და მასთან გამკლავების მეთოდებია აღწერილი. მანვე აღნიშნა, რომ სახლის პირობებში ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლებისა და ნაერთების გამოყენება ყოვლად დაუშვებელია და ასევე დასახლებულ პუნქტებში ავიაციის გამოყენებაც კატეგორიულად იკრძალება.

"ყველაზე მთავარი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ადგილობრივ მართველობის ორგანოები გვერდში გვედგნენ. სამი თვის განმავლობაში ჩვენი სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს შეწამვლის სამუშაოებს. ღონისძიებებით 116 ათასი ჰექტარი მიწაა დავამუშავეთ. ჩვენ ბუკლეტების სახით ფერმერებს ფასეული ინფორმაცია მივაწოდეთ. აქ თავმოყრილია ამერიკული და ევროპული გამოცდილება თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას ველზე, საკარმიდამო ნაკვეთში და სახლის პირობებში. სახლის პირობებში მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გამოყენებაა დაშვებული. მაგალითად, მტვერსასრუტის, ცოცხის, სინათლის დამჭერებისა და სპეციალური ყუთების გამოყენება. ასევე აზიური ფაროსანას მოსაზიდი დავურიგეთ მოსახლეობას, რომელიც ნებისმიერ ხეზე შეიძლება დაიკიდოს და ხე კვირაში ერთხელ შეიწამლოს. სანამ ფაროსანა სახლებში შეაღწევს მისი კონცენტრირება ამ ხეებზე მოხდება. ავიაციის გამოყენებას რაც შეეხება, დასახლებულ პუნქტებში ასეთ ხერხს არც ერთ ევროპულ ქვეყენაში არ მიმართავენ, თუმცა აშშ-ში შეზღუდულად დღემდე იყენებენ", - აცხადებს ლიპარტია.

როგორც ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტერი არ ყავს, თუმცა არიან მტაცებლები, რომლებიც მის მასიურ რაოდენობას ანეიტრალებენ და ასეთი იაპონური კრაზანაა. მისივე განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ძირითადი პრობლემა ფაროსანა არ არის, რადგან თხილის მოსავლის ძირითადი ნაწილი სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა გაანადგურა.

"ასეთი მტაცებელი იაპონური კრაზანაა, რომელიც საქართველოში გავრცელებული არ არის კვერცხის ფაზას აზიანებს. ეს მავნებელი აშშ-ის რამდენიმე შტატში აღმოაჩინეს და ამჟამად სწავლობენ ამ კრაზანამ ხომ არ შეიძლება სხვა სასარგებლო მწერების დაზიანება გამოიწვიოს. მაგალითად, ფუტკრების და ა.შ. ალბათ პარალელურად ჩვენც დავიწყებთ ამ სამუშაოებს, რადგან აღნიშნული გამოცდილება გავიზიაროთ და რაც შეიძლება ჩქარა შემოვიყვანოთ. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი ბატონი გრეგი აღნიშნავს, რომ ფაროსანას ადამიანი ვერ დაამარცხებს, იგი ისევ და ისევ ბუნებამ უნდა დაამარცხოს. მინდა აღვნიშნო, რომ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებში არსებობს ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ფაროსანას დაზიანება 10%-ს არ აღემატება. ჩვენ თურქეთის თხილის ინსტიტუტიდან ორი პროფესორი ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც ნიმუშები წაიღეს და 19 სახის სოკო და ბაქტერია გამოიყო. შეგვიძლია დღესაც ჩავიდეთ სამეგრელოში და ვნახავთ სოკოებით და ბაქტერიებით დაზიანებულ ფოთლებს, რომლებიც მიწაზე ყრია. ბუკლეტებში, რომელიც დარიგდა, სამ ორგანიზაციასთან და თურქ სპეციალისტებთან ერთად თხილის მავნებელი დაავადებებისაგან დაცვის კალენდარი შევადგინეთ, სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.


Subscribe to our news

Get the main news of the day