Home
Category
TV Live Menu

რომან გოცირიძე: იმდენი ლექსი და სიმღერაა ვაზზე დაწერილი, ვერ მოთვლი და ერთი ლექსი მაინც მიუძღვენით თხილს

592e5e60bcd80
დავით ჯალაღონია
31.05.17 10:08
1006
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს "სიღარიბის კონსერვაციის თეორიად" აფასებს.

"ეს არის ე.წ ურაპატრიოტიზმზე აგებული თეორია, რომელსაც ჯანსაღ ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კი ბატონო, გვექნება მიწა და ასევე - სიღარიბე. საქართველოდან მილიონობით ადამიანია გასული, დარჩენილებს კი მიწის დამუშავების შესაძლებლობა ფაქტობრივად, არ აქვთ", - აცხადებს გოცირიძე.

ამასთან, დეპუტატს იმ უცხოური კომპანიების მაგალითები მოჰყავს, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწეობის კარგი გამოცდილება აქვთ.

"რა დააშავა იტალიელმა, რომელმაც სამეგრელოში თხილის კულტურა ააყვავა და დღეს თხილი უფრო მეტად არის საექსპორტო საქონელი, ვიდრე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციული ღვინო და ღვინოს სიმღერებს უწერენ, „ვაზო დალალდაწნულო“ და ა.შ, იმდენი ლექსი და სიმღერაა ვაზზე დაწერილი, რომ ვერ მოთვლი და ერთი ლექსი მაინც მიუძღვენით თხილს, რომელიც გაცილებით მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე ღვინო, მაგრამ არა, ეს არის ჩვენი დრომოჭმული, შუა საუკუნეობრივი მენტალიტეტის შედეგი. იტალიურმა „ფერერომ“ თუ მიწა იყიდა, ამით რამე დაუშავდა ქართველ გლეხს? - პირიქით, ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და ადამიანები დაასაქმა", - აღნიშნა გოცირიძემ და დასძინა, რომ „საქართველოში ძალიან ჩამორჩენილი პოლიტიკური ელიტაა და სანამ თაობა არ შეიცვლება, მანამდე სიღარიბეც არ შეიცვლება".

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების კუთხით რეგულაციების აუცილებლობას კანონპროექტის ავტორი დეპუტატები სახელმწიფოს საჯარო ინტერესის დაცვით ხსნიან. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთი მიწის გასხვისების აკრძალვის მთავარი დანიშნულება უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილებაა, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე“.

Subscribe to our news

Get the main news of the day