Home
Category
TV Live Menu

რომან კაკულია: ანტიდემპინგური კანონმდებლობა მემკვიდრეობით მივიღეთ

59de1dac6672d
BM.GE
11.10.17 17:32
863
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ’’ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - კანონპროექტის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საუბრობს.

-ბატონო რომან, რა ეტაპზეა აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა?

-ეს კანონპროექტი თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული და ჩვენ კომიტეტში, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა, ჩავთვალეთ რომ იმსახურებდა დარჩენილიყო, როგორც მსჯელობის საგანი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია RIA-ს აუცილებლობაზე და არსებობდა დონორის შემოთავაზება აღნიშნულთან დაკავშირებით და ამიტომ სამი მოცემულობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საბოლოო ჯამში შეფასება გაგვეკეთებინა აქვს თუ არა ამ კანონის მიღებას აზრი და რა დადებითი და უარყოფითი არგუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ჩვენი კომიტეტის თანამშრომლების და იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა გვეფიქრა, რომლებმაც მომავალში ასე უნდა შეაფასონ ყველა კანონი და ასევე ის მთავარი პრინციპი დაგვეცვა, რომ RIA მზადდება არა მას შემდეგ, როდესაც კანონი უკვე მზად არის, არამედ მანამდე, როდესაც კანონპროექტის მომზადება გადაწყდება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და წინასწარი შედეგებით, რაც მათგან მოვისმინე, შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მინისტრის პოზიციას ძირითადად ვეთანხმები. ყველა სამიზნე ჯგუფი, რომელიც გამოიკითხა საუბრობენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ დღეისთვის ასეთი დემპინგის არსებობას. ის ვინც ადასტურებს, მას ხშირად საქმე კონკურენციის არასწორ გაგებასთან აქვს. ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებიც არის, როდესაც ნაკლებ ხარისხიანი პროდუქციას ნაკლები ფასი აქვს ხშირად ასეთ რამესთან გვაქვს შეხება. ჩვენ რომ ამის ფუფუნება გვქონდეს, ეს ცუდი ინიციატივა არ არის.

-მთლიანად სახელისუფლებლო გუნდში თუ არის პოზიციების თანხვედრა?

-ზუსტად ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გავაკეთე სამუშაო ჯგუფი, რომ ეს რაღაც ზედაპირული ანალიზის შედეგი არ ყოფილიყო. ამ ჯგუფმა, რომელშიც USAID გვეხმარებოდა და მან ბევრი მიზნობრივი ჯგუფი გამოკითხა, გავიმეორებ - არ დასტურდება, რომ ეს დღეისათვის ჩვენთვის ყველაზე მწვავე პრობლემაა. თეორიულად თუ შეხედავ ამ მოცემულობას, რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ ყოველთვის არსებობს შანსი, რომ მწარმოებელმა, როგორიც ჩინელია შესაძლოა ისეთი ფასით შემოიტანოს პროდუქტი, რომ მის თვითღირებულებას ერთი ცენტი დაამატოს და ამით რაღაც პერიოდის განმავლობაში წარმოება მოკლას. ეს თეორიულად შესაძლებელია და ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დადებითად უყურებს ასეთი ტიპის საფრთხეებზე საუბრობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ დღეისთვის ჩვენი მთავარი არჩევანი თავისუფალი ბაზარია და ამ გზაზე დავდექით ამ შემთხვევაში ეს მაინც შემზღუდავი ღონისძიებაა და მე სულ სხვა მიმართულებით ვხედავ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩემი კომიტეტის და ჩემი პირადი განწყობაც ასეთია, რომ მე ყოველთვის იმ ნეგატიურ შესაძლო ვარიანტებსაც კი, რომელიც შესაძლოა თავისუფალ ბაზარს ჰქონდეს ძალიან დიდი სიფრთხილით ვუყურებ. ის, რომ დღეს არ არსებობს ამის აუცილებლობა, ეს ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლობა ხვალ არ დადგება. ჯგუფმა სანამ მუშაობას დაასრულებს, იმ ქვეყნების ანალიზი უნდა გააკეთოს, რომლებსაც ჩვენი ტიპის ეკონომიკები ქონდა, ჩვენი ტიპის ეკონომიკური განვითარების გზა აირჩიეს და ახლა რა შესაძლო რისკებზე შეიძლება საუბრობდნენ.

-ამ ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ რისკებზე პარლამენტი და მთავრობა არ მუშაობდა და ისე დაწერეს თავის დროზე კანონპროექტი, რომ ეს რისკები გაანალიზებული არ იყო?

-თუ თქვენ გინდათ, რომ მაინც და მაინც ასე დრამატულად დაისვას ეს შეკითხვა, გიპასუხებთ, რომ ეს კანონი მემკვიდრეობით მივიღეთ და მაშინაც იყო სხვადასხვა კონსულტაციები. დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები სწორედ იმიტომ იდება, რომ ჩვენ საკუთარი დანაზოგები არ გაგვაჩნია და კრედიტის აღება ბანკიდან ბიზნესის დასაწყებად ძალიან ძნელია, ერთადერთი ალტერნატივა გვაქვს ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს და ჩვენ მომხიბლავი და მიმზიდველი უნდა გავხადოთ გარემო, უპირველესად მაღალი და რეალური კონკურენციის არსებობით სხვა ქვეყანაში დაგროვილი დანაზოგებისთვის.

-ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობის პროცესი და ის გეგმა, რაც ხელისუფლებას ჰქონდა გადიდო?

-როდესაც ის კვლევა დასრულდება, რომლის შუალედურ შედეგებსაც მე დღეს გავეცანი, საბოლოო პასუხს მაშინ ვიტყვი საერთოდ ღირს თუ არ ღირს აღნიშნული კანონპროექტის ახალ ინიციატივად ქცევა. დღევანდელი ჩემი ინფორმაციით, ვფიქრობ, რომ არ ღირს.

-ცოტა ხნის წინ ბრძანეთ, რომ პარლამენტის რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები იგეგმება დეპუტატებს რომ საშუალება მიეცეთ საკანონმდებლო მუშაობის პროცესში კანონპროექტები უფრო დეტალურად შეისწავლონ და ამ მიმართულებით რა ხდება?

-ეს ინიციატივა დღეს შევიდა ბიუროში. პარლამენტის წევრებმა და მთლიანად ხელისუფლებამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევის პროცესში პარლამენტის ფუნქცია და როლი გაცილებით უნდა გაიზარდოს. ჩვენი ხელისუფლება არის მანქანა, რომელიც იმ ტემპით მუშაობს, როგორითაც მუშაობს და ამ ტემპით მუშაობის პროცესში კანონების განხილვისა და მათი სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა ძალიან დაბალია. აქ განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტარების მიერ დამატებითი კონსულტაციების ნაწილს. აუცილებელია ყველა ინტერესთა ჯგუფთან საკუთარი კონსულტაციების გამართვა და მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება.

-დეპუტატები კანონპროეტებს გაუაზრებლად თუ აწერენ ხოლმე ხელს?

-ასეთ პროვოკაციულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ - არ აწერენ. საპარლამენტო ფუნქცია მარტო კანონებზე მუშაობა არ არის, საპარლამენტო ზედამხედველობა პარლამენტარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ამიტომ კერძო სექტორთან და ინტერესთა ჯგუფთან კონსულტაციების გარდა, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელება სწორედ ვერ ხერხდება იმ მცირე ვადებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. სავალდებულო კომიტეტებს ორი კვირა გვქონდა და წამყვან კომიტეტებს სამი კვირა. აქაც გაუგებრობა იყო, სამ კვირას ორ დასვენების დღეს თუ გამოაკლებთ ისიც 15 დღემდე ჩამოვა. ამ პერიოდში ერთ კანონზე საუბარი ნორმალურია, თუმცა ორ კვირაში ხუთი კანონის განხილვა, ცხადია, რომ ძალიან დაბალი ხარისხით იქნება და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და ყველამ ხარისხის კონტროლზე უნდა ვისაუბროთ.

-მიწების გასხვისებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ჩანაწერთან დაკავშირებით ინვესტორთა საბჭომ ოქმი გაავრცელა, რომ მსგავსი ჩანაწერი საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებთან ერთგვარ წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს, ეთანხმებით ამ პოზიციას?

-ეს ჩანაწერი არ იყო ჩანაწერი, რომელიც საყოველთაო ბედნიერებას გამოიწვევდა სრულიად საზოგადოებაში მთელ მსოფლიოში. ამას გარკვეული მიზანი ჰქონდა, თუმცა ის, რომ მთავრობას დისკრეცია უნდა ქონდეს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები არ შეაჩეროს, ამ ნაწილშიც ვეთანხმები პრემიერმინისტრის კომენტარს. მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელიც მხარდამჭერი ვიყავი აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების, თუმცა ქვეყანას სამწუხაროდ ახსოვს გამონაკლისის მერე წესად ქცევის პრაქტიკა. ჩემი აზრით, დღეს პრემიერმინისტრი არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ვანდოთ ასეთი დისკრეცია და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ იქნება.

-რა დასათაურებით და რა შინაარსით მიდის დღეს აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა?

-წინსწრებით შედეგზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა გეტყვით, რომ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეხებოდა. არავითარი ჩანაფიქრი არ არის იმისა, რომ ეს ზოგადად ნებისმიერი ტიპის მიწებზე გავრცელდეს. მაშინ უბრალოდ გავაჩერებთ ეკონომიკას.

Subscribe to our news

Get the main news of the day