Home
Category
TV Live Menu

"რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხდა და შეცდომა აღიარა"

5a83f894048bd
თელარა გელანტია
14.02.18 12:50
749
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების რეალური ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი არ ყოფილა და რომან კაკულია შესაძლოა, "შეცდომაში შეიყვანეს".

როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროქტის ინიციატორებს შორის იყო ეკა ბესელია.

"რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხდა და თავისი შეცდომა აღიარა. მან თქვა, რომ ამ პროექტის ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო. თუ საჯაროდ არ უთქვამს, მაშინ შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და გეტყვით. ეს შიდა განხილვების დროს ითქვა. მოხდა ასეთი რაღაც - არ უჭერდა მხარს და მთელი თავისი შინაარსით მხარს დღესაც არ უჭერს. შეიძლება თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. ვინ შეიყვანა, ეს უკვე მას ჰკითხეთ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

თავად დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს და მომხრეები შეეცდებიან, კოლეგები დაარწმუნონ, რომ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დაუჭირონ.

"ეს კანონი დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესს, ისედაც მცირე ლეგალურ დაფინანსებას კიდევ უფრო შეამცირებს და გააჩენს შესაბამის არალეგალურ დაფინანსებას, რომელსაც ყოველთვის უნდა ებრძოდეს სახელმწიფო. ის ტელევიზიები, რომლებიც დამოკიდებული არიან კომერციულ რეკლამაზე, ძალიან დაზარალდებიან თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მას კომერციული რეკლამა სჭირდება თავისი ჟურნალისტების წასახალისებლად, მაშინ რა დააშავეს სხვა ჟურნალისტებმა, რომელთაც შემოსავლის წყარო საერთოდ გაუქრებათ. ამიტომ, ვფიქრობ, ვეტოს მხარი უბდა დავუჭიროთ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

თავის მხრივ, ჟურნალისტებთან საუბრისას რომან კაკულიამ თქვა, რომ მართალია, თავდაპირველად მას სხვა პოზიცია ჰქონდა, მაგრამ საკითხში კარგად გარკვევის შემდეგ პოზიცია შეიცვალა და ეს არ ნიშნავს უპრინციპობას.

Subscribe to our news

Get the main news of the day