ჩინეთში 13 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. რა გავლენას მოახდენს საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ქართულ წარმოებაზე, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფრომა მარიამ გაბუნიამ ისაუბრა.
-ქალბატონო მარიამ, აღნიშული შეთანხმებიდან უპირველესად, ქართული მხარისთვის მისაღები სარგებელი რა იქნება, რა მოლოდინები აქვს მთავრობას და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს კერძო სექტორს?
-აღნიშნული შეთანხმება, შეიძლება, ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად ჩავთვალოთ, რადგან ამ შეთანხმების გაფორმების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რომლისგანაც ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ქართველი მეწარმეებისთვის, ექსპორტიორებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ბაზარი იხსნება, რომელიც მილიარდ 400 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ამ ბაზარზე პროდუქციის უმეტესობა საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. მოლაპარაკებების შედეგად, იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალის თითქმის ყველა პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევა და მხოლოდ 6%-ზე დაიტოვა ჩინეთმა საბაჟო გადასახადები. ქართული პროდუქციის 94% კი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული იქნება. ამ პროდუქტებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისეთი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი შედის, როგორიც არის ღვინო, მინერალური წყლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თაფლი, წვენები, ჩირი და ა.შ.
-მოლაპარაკებები 7 თვე გრძელდებოდა და რით მოვხიბლეთ ჩინური მხარე?
-ჩინეთის მხარის მაღალი ინტერესი არსებობს ამ შეთანხმების მიმართ და იგი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. ჩინელ მეწარმეებს საქართველო შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც ჰაბი ევროპის და სხვა ბაზრებზე გასასვლელად, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რადგან ჩინურ მხარეს საქართველოს გავლით ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქტის გადამუშავება საქართველოში შეუძლია და შემდეგ ის ევროკავშირში გაიტანოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობების გამოყენებაა, თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას საკმარისი დამატებული ღირებულება ჩინურ პროდუქციაზე იმისთვის, რომ ამ პროდუქტმა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ევროკავშირში ისარგებლოს. რაც იმის გარანტია იქნება, რომ ჩვენ ჩინურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ, საქართველოში ახალი საწარმოები შეიქმნება და ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება.
-რა მიმართულებით იგეგმება ჩვენი მუშაობის გააქტიურება, რომ საქართველოს ეკონომიკამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს?
-ჩვენ წინასწარი კვლევა, რა თქმა უნდა, განვახორციელეთ და მან აჩვენა, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ჩინურ ბაზარზე შევიდეს. ახლა უკვე ჩვენი ექსპორტი ჩინურ ბაზარზე მზარდია. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით ექსპორტი 36%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით კარგი შედეგები გვაქვს ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის კუთხით. გასულ წელს ღვინის ექსპორტი 61%-ით გაიზარდა, მინერალური წლების კი თითქმის გასამმაგებულია. ასევე 9-ჯერ გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. შესაბამისად ჩინეთის ბაზარზე მზარდი დაინტერესებაა ქართული პროდუქციის მიმართ და აღნიშნული შეთანხმება სწორედ ამ პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობას იძლევა.
-გარდა სარგებლისა, რისკებზეც საუბრობენ, რომელიც შესაძლოა ამ ხელშეკრულებას თან ახლდეს. თქვენ რა რისკებს ხედავთ და რა მიმართულებით?
-რისკებს რაც შეეხება, რომელიც ამ შეთანხმებას შეიძლება ახლდეს, მე ასეთ მძაფრ რისკებს ვერ ვხედავ და ამ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ამის მრავალი მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ საქართველო ისედაც გახსნილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ჩვენი სატარიფო სისტემა ისედაც ძალიან ლიბერალურია, მხოლოდ 20%-ზე გვქონდა ჩვენ ტარიფები შენარჩუნებული საქონლის და აქედან მხოლოდ 16%-ზე გავუხსენით დამატებით კიდევ ჩინელებს ბაზარი. ის რაც დამატებით გავუხსენით, მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა და დაგვეცვა ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესები. ჩვენ საექსპორტო პოტენციალს მქონე პროდუქციაზე ფაქტიურად ჩინელებისთვის ბაზარი არ გაგვიხსნია. მაგალითად, ჩვენ საბაჟო ტარიფები დავიტოვეთ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიც სხვადასხვა სახეობის ხორცი, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები, ხილ-ბოსტნეულის წვენები და ა.შ. ამ მხრივ, ადგილობრივ მწარმოებლებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
-ჩინურ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციას რა პოტენციალი აქვს?
-ჩვენ განსაკუთრებით დიდი მოლოდინები სოფლის მეურნეობის პროდუქციის მხრივ გვაქვს ჩინეთ ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით. მე უკვე მაგალითად მოვიყვანე ღვინის, მინერალი წყლების მაგალითი. გარდა ამისა, პოტენციალი აქვს თაფლს. ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ვალდებულება გვაქვს აღებული კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების. მათ შორის, პროდუქციის უვნებლობისა და უსაფრთხოების კუთხით და ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება იქნება საქართველოში შესაძლებელი და შემდეგ მისი ჩინურ ბაზარზე გატანა. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას რაც შეეხება, ამ მიმართულებითაც მრავალ პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ქვეშაც არის მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც სწორედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით ეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ საწარმოებს.