1907 წელს დაფუძნებული ნავთობკორპორაცია Royal Dutch Shel აქტივებს კანადის ბუნებრივი რესურსების კომპანიას Canadian Natural Resources Limited 8.5 მილიარდ დოლარად მიყიდის. კორპორაციამ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ Royal Dutch Shell plc. მსოფლიოს მასშტაბით, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მომპოვებელ უმსხვილეს ჭაბურღილებს ფლობს და ძირითადი მოგებაც ამ საქმიანობიდან აქვს. კორპორაცია სხვა ნავთობმომპოვებელი კორპორაციებისგან განსხვავებით, თავად ამუშავებს პირველადი სახით მოპოვებულ ნავთობს და მომხმარებლებს საცალო ქსელში საწვავის სახით სთავაზობს მას. გარდა ნავთობისა და ბუნებრივი აირისა, კომპანია ასევე დაკავებულია ელექტროენერგიის წარმოებით და მის მფლობელობაშია ბევრი, როგორც ჰიდრო ისე ქარისა და მზის სადგურები.
აღნიშნული შეთანხმებით, კორპორაცია Canadian Natural-სგან 5.4 მილიარდ აშშ დოლარს ნაღდი ფულის სახით, ხოლო 3.1 მილიარდ აშშ დოლარს აქციების სახით მიიღებს.
"აღნიშნული შეთანხმება Shell-ის გრძელვადიანი სტრატეგიის თანახმად, კომპანიის პორტფელის ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ თავისუფალ ფულად ნაკადებს და კაპიტალის უფრო დიდ შემოსავლიანობას. ასევე პრიორიტეტებს ვანიჭებთ იმ ბიზნესებს, სადაც ჩვენ გლობალური მასშტაბები და კონკურენტული უპირატესობები გვაქვს", - განაცხადა Royal Dutch Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბერდენმა.