საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე უხერხულად მიიჩნევს, მთავრობას “გაზპრომ-ექსპორტთან” შეთანხმებული პირობების გასაჯაროების მიზნით მიმართოს.
"უხერხული სალაპარაკოც კი არის - როგორ შეიძლება მთავრობას ამ მიმართულებით ურჩიო, გაასაჯაროოს, ან არ გაასაჯაროოს. თვითონ არ იცის, რა უნდა გააკეთოს?!“, - ასე უპასუხა არველაძემ საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას.
ამასთან, როგორც არველაძემ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა, მისთვის უცნობია ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები.
"მე ხომ არ ვიცი, რა წერია ამ ხელშეკრულებაში. როდესაც პარტნიორები კონფიდენციალობაზე თანხმდებიან, მაშინ ცალ მხარეს პირობების გასაჯაროების უფლება არ აქვს“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ „შეიძლება, ხელშეკრულებაში რაღაც სანქციაც წერია იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტს გაასაჯაროებს“.
"თუ მისაღებ პირობაზე არ დათანხმდები, არ არის გამორიცხული გააკეთოს რაღაც სანქციები გააკეთოს საქართველოს წინააღმდეგ - მაგალითად, ელექტროენერგიის მოწოდებაზე უარი თქვას ზამთრის პერიოდში, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირს და რუსეთის გარდა ელექტროენერგიას ვერსაიდან ვიღებთ, ან ისევ ჩაკეტოს საქართველოდან ექსპორტი - ღვინოზე, მინერალურ წყალზე, ხილზე და ა.შ", - აღნიშნა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის შეთანხმებული ახალი პირობების გასაჯაროვებას ითხოვს. ოფიციალური წერილით დაინტერესებულმა მხარეებმა ენერგეტიკის სამინისტროს უკვე მიმართეს. არასამთავრობო ორგნიზაციები უწყებისგან პასუხს ათი სამუშაო დღის ვადაში ელოდებიან, დეპუტატები კი - სამთავრობო საათზე, რომელიც თებერვალში, პარლამენტის პლენარული სხდომის განახლების შემდეგ დაინიშნება. გარდა ამისა, გაზპრომთან მოლაპარაკების დეტალებზე კითხვების დასმისა და ინფორმაციის მიღებისკენ პარლამენტს პრეზიდენტმაც მოუწოდა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი მოვალეობა მთავრობის საქმიანობის კონტროლია.