ტაქსის ონლაინ-გამოძახების ბაზარზე უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ “იანდექს ტაქსი“ საქართველოში დაიწყო ოპერირება. რუსული „ინტერფაქსის“ ცნობით, საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც რუსულმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო, მანამდე “იანდექს ტაქსი“ საკუთარი სერვისებით ბელორუსიაში, ყაზახეთსა და სომხეთში შევიდა.
„სომხეთშიც და ყაზახეთში ჩვენი სერვისის ამოქმედებისთანავე “იანდექს ტაქსი“ App Store-სა და Google Play-ის ჩამოწერებიდან გამორჩეულია და დღემდე პირველ პოზიციას ინარჩუნებს. ასევე იგი წამყვანია “ტრანსპორტის“ კატეგორიაში“- ახალ რეგიონში დამკვიდრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კომპანიის ხელმძღვანელმა ტიგრან ხუდავერდიანმა.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად “იანდექს ტაქსის“ სერვისისთვის თბილისის 11 ტაქსო პარკიდან 200 ავტომობილია გამოყოფილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სერვისი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ამოქმედდება, მაგრამ კონკრეტულად სად და როდის ამის შესახებ ჯერ ცნობილი არაა. მომსახურების საფასური ტაქსში ჩაჯდომიდან პირველ ორ კილომეტრზე 50 თეთრია, რასაც ყოველ შემდგომ კილომეტრზე 50 თეთრი ემატება.
მგზავრობის საფასურის გადახდა ჯერჯერობით მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით იქნება შესაძლებელი, რასაც უახლოეს მომავალში უნაღდო ანგარიშწორებაც დაემატება.
ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანია ტარიფების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. დროთა განმავლობაში შესაძლოა ტარიფები “კომფორტი“ და “ბიზნესი“ გამოჩნდეს.
რუსული კომპანია უახლოეს მომავალში შესვლას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. ასეთ რეგიონებად უკრაინა, ესტონეთი და ლატვია განიხილება.
ამჟამად “იანდექს ტაქსი“ რუსეთის 30 ქალაქში ოპერირებს. საერთო ჯამში სერვისთან 70 000-ზე მეტი ავტომობილია დაკავშირებული. კომპანიის მთავარ ბაზრად მოსკოვი მოიაზრება. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიხედვით, კომპანიის შემოსავლებმა 445 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2.8-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელი.