საქართველოში ტურიზმის დარგის განვითარებაში ღვინის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, რომლის პერსპექტივაც საქართველოს ღვინოების სიმრავლის, რელიეფის თავისებურების, კერძებისა და ფოლკლორული მრავალფეროვნების გამო დიდი უნდა იყოს.
რა სარგებლის მოტანა შეუძლია ღვინის ტურიზმს და რა აფერხებს მის განვითარებას, სფეროში არსებულ პრობლემებზე, პერსპექტივებსა და პოტენციალზე ’’საქმიან დილასთან“ "ხოხბის ცრემლების" მარნის და Living Roots-ის თანამფლობელი ჯონ ვუდერმანი საუბრობს.
- ბატონო ჯონ, საქართველოში ვაზის 525 ძირძველი ჯიშია და 80%-ზე მეტი მხოლოდ რქაწითელსა და საფერავზე მოდის. რაზე მეტყველებს ეს და კარგია თუ ცუდია?
- საბჭოთა პერიოდი ძალიან მავნებელი იყო მევენახეობის კულტურის განვითარებისთვის. პრობლემა არ არის მხოლოდ რქაწითელსა და საფერავში, პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი კახეთში გადავიდა. ჩვენ ვიცით რომ ისტორიულად მესხეთშიც, სამეგრელოშიც, გურიაშიც და ზემო აჭარაშიც საოცარი ღვინო მოდიოდა. სამცხე-ჯავახეთი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძირძველი ადგილია ამ კუთხით. კომუნისტურ პერიოდამდე თურქების შემოსევამ დიდი ზეგავლენა იქონია, მაგრამ საბჭოთა პერიოდის მიდგომით რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოივანი იყო და ყველაზე კარგად გასაღები ყურძენი იქ დარგეს, სადაც ნაკლები პრობლემებია. ფრანგებს ნათქვამი აქვთ, რომ ვაზი უნდა დაირგოს იქ, სადაც სხვა არაფერი ხარობს და ჩვენ კი გაზები დარგული გვაქვს იქ, სადაც პამიდორი, საზამთრო, სიმინდი და სხვა ბევრი რამ მოდის.
- გამოდის, რომ ჩვენ ეს ტრადიციები რეალურად დაკარგული გვაქვს, თუმცა ჩვენ გვგონია, რომ ღვინის ქვეყანა ვართ?
- მადლობა ღმერთს დაკარგული არ არის და ბოლო წლებში ვხედავთ ამ კუთხით როგორ საოცრად აღორძინდა ასეთი პატარა რეგიონი.
- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს აღორძინება?
- საბჭოთა პერიოდში მენიუ სტანდარტული იყო, გრამობით ზომავდნენ ყველაფერს. შესაძლოა სოფლებში ბებიები ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ, მაგრამ როდესაც ქალაქში ჩამოდიოდნენ სტანდარტული რამდენიმე კერძი გვქონდა, როდესაც საქართველოს კულინარია უმდიდრესია. ზუსტად იგივე რამ მოხდა ღვინოსთან დაკავშირებით. პირადად გავეცანი ძველ კულინარიულ კულტურას, ძველ რეცეპტებს, მაგალითად ყველის ამოყვანის საშუალებას და ყურძნის იშვიათ ჯიშებს გავეცანი, რომლებიც შეიძლება რქაწითელაზე ბევრად დახვეწილი იყოს, მაგრამ თითქმის დაკარგული, შემცირებულია და მისი მოყვანა ძალიან რთულია.