Home
Category
TV Live Menu

საბიუჯეტო ოფისი: 2018 წელს ეკონომიკა 4,9%-ით გაიზრდება

5a2c362d054bd
BM.GE
10.12.17 14:00
723
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის  პროგნოზით,  2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით გაიზრდება. მშპ-ს რეალური ზრდის აღნიშნული პროგნოზი 2018 წლისათვის (4.93%) თითქმის არ განსხვავდება (მხოლოდ 0.03 %-ული პუნქტით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებელისაგან. აღნიშნული ძირითადად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:

„2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ეკონომიკური გარემო და პოზიტიურად შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამავდროულად, 2017 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის პერმანენტულმა, შედარებით მაღალმა მაჩვენებელმა გააუმჯობესა მშპ-ს პოტენციური დონე. აღნიშნულმა ორმა ფაქტორმა ერთობლივად დადებითი გავლენა მოახდინა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებულ მაჩვენებელზე. თუმცა 2017 წლისათვის ივნისში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის საბაზისო ეფექტი ასევე აისახა 2018 წლის პროგნოზზე. შედეგად, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კვლავ 4.9%-ის დონეზე ჩამოყალიბდა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 2018-2021 წლებისათვის, 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზების მსგავსად, 5.3%-ს შეადგენს“, - განმარტავენ საბიუჯეტო ოფისში.

ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელობის, აქციზის განაკვეთების ერთჯერადი ზრდის ეფექტის ამოწურვის, თუმცა სხვა საგარეო ფაქტორების გავლენის (მაგ. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები) შენარჩუნების დაშვებით, 2018 წლისათვის შესაძლებელია ინფლაციის 3.5-4%-ის ფარგლებამდე შემცირება. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ზრდის საპროგნოზო ტემპი 2018 წლისათვის 2.3%-ული პუნქტით ნაკლებია 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც ძირითადად გამოწვეულია 2017 წელს აქციზის განაკვეთების ერთჯერადი ზრდის ეფექტის ამოწურვით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„როგორც 2018 წლისათვის, ისე - საშუალოვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ კომპონენტს მთლიანი ინვესტიციები წარმოადგენს, რომელთა წყარო ეროვნული დანაზოგებია და რომელთა ცვლილება, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სხვა მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ცვლადებზე. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, კერძო ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობა 2018 წლისათვის მშპ-ის 27.6%-ს შეადგენს და 2018-2021 წლებისათვის მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ანალოგიურად ზრდის ტენდენციას ავლენს კერძო დანაზოგების მშპ-სთან ფარდობაც და 2018 წლისათვის მშპ-ის 23.8%-ს შეადგენს.

საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 10,447 მლნ ლარს შეადგენს, რაც ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ პროგნოზს 187 მლნ ლარით აღემატება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 9.3%-ს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 9.6%-ს შეადგენს“, - განმარტავენ საბიუჯეტო ოფისში.

რაც შეეხება სავაჭრო ბალანსს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისთვის სავაჭრო ბალანსის მოცულობა მშპ-ს -11.7%-ს უტოლდება და საშუალოვადიან პერიოდში არსებით ცვლილებას არ ავლენს, ხოლო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი %-ად მშპ-თან -9.9%-ს შეადგენს და 2018-2021 წწ-ებისათვის კლებადი ტენდენციით ხასიათდება.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018 წლისათვის მოსალოდნელია საერთაშორისო რეზერვების 9.5%- იანი ზრდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day