"თუ სურსათის უვნებლობის სამსახურმა კარგად იმუშავა და არალეგალური და ფალსიფიცირებული თაფლი ამოიღო გაყიდვიდან, ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაათმაგდება და ფასი გაიზრდება",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოოპერატივის "თაფლი საჩინოს" თავმჯდომარემ მინდია ქავთარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის გატანა არ უღირთ, რადგანაც პროდუქციის საბითუმო ფასი მაქსიმუმ 8 ლარია, ადგილზე კი კილოგრამი თაფლი 15 ლარი ღირს.
კოოპერატივს, რომელიც უახლოეს თვეებში ვანში თაფლის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს აამოქმედებს, სურს, იმპორტირებული გერმანული და უკრაინული თაფლი ჩაანაცვლოს. როგორც მინდია ქავთარაძე აცხადებს, უცხოური თაფლის სრულად ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ, რადგანაც საქართველოში თაფლის მოყვანის პროდუქტიულობა ნაკლებია, რასაც ცოდნისა და აღჭურვილობის არარსებობა იწვევს.
"უკრაინული თაფლი 6 ლარი ღირს საქართველოში, გემოვნური თვისებები ჩვენსას უკეთესი აქვს, მაგრამ ხარისხით შეიძლება ის ჯობდეს. იმიტომ ღირს ის თაფლი იაფი, რომ ერთ ოჯახზე უკრაინელებს 80 კგ თაფლი მოჰყავთ და ჩვენ საშუალოდ 15 კგ. ამ დონეზე მისასვლელად და პროდუტიულობის გასაზრდელად საჭიროა, ცოდნა და შესაბამისი ტექნიკა", - აცხადებს მინდია ქავთარაძე.
რაც შეეხება თაფლის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს, რომლისთვისაც სახელმწიფომ კოოპერატივს შენობა გადასცა, მისი რემონტი მიმდინარე თვეში დაიწყება. ახალი საწარმო მაისისთვის ამოქმედდება.