Home
Category
TV Live Menu

სადაზღვევო კომპანიებს დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სურთ

5a6442dd40c7e
BM.GE
21.01.18 12:00
608
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. არსებობს რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. ამ მასშტაბური და მნიშვნელოვანი რეფორმის მიღმა დარჩენა არ სურთ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებსაც კონკრეტული შეთავაზებები და ხედვა აქვთ, - აღნიშნული თემით ’’საქმის კურსთან“ სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.

-ბატონო დევი, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რა შეთავაზებები აქვთ და რას ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები?

-საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, თავისი რისკებით, გამოწვევებით და იმ დიდი შანსებით, რომელიც მასშია ჩამალული. ნებისმიერი კლასიკური საპენსიო სისტემა სამ სვეტზეა დაფუძნებული: პირველი - სახელმწიფო პენსიაა, რომელიც ჩვენთან კარგად მუშაობს და სიღარიბეს ამცირებს. მეორე ნაწილი ჩვენთან არ არსებობს - ეს არის სავალდებულო დაგროვება. მესამე ნაწილი 20 წელია არსებობს, ნებაყოფლობითი დაგროვება და მის შესახებ შეიძლება უმეტესობამ არც იცის. იგი არ მუშაობს ერთადერთი რამის გამო: 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა საგადასახადო სტიმულების მიცემა ამ სისტემისთვის.

ახლანდელი რეფორმა ამბობს, რომ მე ვაფუძნებ სავალდებულო დაგროვებას კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურაში და აგრეთვე ვუშვებ, რომ ამ სახელმწიფო სტრუქტურამ მოიზიდოს ის ადამიანები, რომელთაც დაგროვების ვალდებულება არ აქვთ. უმნიშვნელოვანესი აღნიშნული რეფორმისთვის არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაებას. იმ ნაწილში, რომელსაც სავალდებულობა არ ეხება, პოტენციური მომხმარებელი ძალიან ბევრია. სავალდებულობა დაახლოებით 300 000 ადამიანს შეეხება, ანუ ეს რეფორმა 300 000 ადამიანის რეფორმა იქნება. პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან არასტაბილურია, რადგან ხვალინდელმა ან ზეგინდელმა მთავრობამ, შეიძლება, რაღაც გადაიფიქროს, ან შეცვალოს.

-არჩევანი ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?

-ეს მეორე მხარეა. მთავარია, პოლიტიკურად იყოს სტაბილური, რადგან ჩვენ ბევრი ქვეყნის მაგალითიდან ვიცით, რომ მერე მთავრობები დადებულ შეთანხმებებს ცვლიან. ადამიანს არჩევანი უნდა ჰქონდეს კერძო და სახელმწიფო სისტემებს შორის. თითქმის 20 წელია ჩვენი სადაზღვევო კომპანიები ამ კერძო საპენსიო დაზღვევას აწარმოებენ და იმ ცოტასაც დაკარგავენ, რაც აქვთ.

-რა საგადასახადო სტიმული სჭირდება დღეს კერძო სადაზღვევო კომპანიებს?

-ვფიქრობ, რომ იგივე საგადასახადო სტიმული უნდა იყოს, რომელიც გათვალისწინებულია სისტემაში, არაფერი ახალი არ უნდა გამოვიგონოთ, იგივე დატოვონ, როგორიც არის. რეგულატორი ჩარჩოც აბსოლუტურად იგივე უნდა იყოს, არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ სჭირდება.

-ამ შემთხვევაში მთავრობას რა პოზიცია აქვს?

-მთავრობისთვის აბსოლუტურად სულერთი უნდა იყოს სად აკუმულირდება თანხა, რადგან რეგულატორული ჩარჩო ერთია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სავალდებულო ნაწილში შეგვიშვან, ჩვენ გვინდა, კერძო სექტორი ნებაყოფლობით ნაწილში ჩაერთოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day