ამიერიდან სადაზღვევო პროდუქტის შესაძენად სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტი, სადაზღვევო აგენტთან გასაუბრება და სადაზღვევო პროდუქტების შერჩევაზე ბევრი დროის ხარჯვა აღარ მოგიწევთ, - ამის გაკეთება ვებ-პლატფორმის- Insuranceshop.ge-ს საშუალებით ხდება შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე ერთ სივრცეში ბაზარზე არსებული სხვადასხვა სადაზღვევო შეთავაზებები იქნება თავმოყრილი. პროექტის ავტორის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ე.წ "სადაზღვევო მაღაზიის" საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ სისტემაში შეიყვანონ პირადი/ბიზნეს საქმიანობის მონაცემები და მიიღონ სხვადასხვა კომპანიისა და სხვადასხვა პროდუქტების ოპტიმალური, მის საჭიროებაზე მორგებული სადაზღვევი პაკეტი.
"საქმის კურსს" ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, რომ ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ოქტომბრიდან მომხმარებლები Insuranceshop.ge-ს საშუალებით 7 სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების გაცნობას და სარგებლობას შეძლებენ. მემორანდუმი უკვე გაფორმებულია ალდაგთან, ჯიპიაი ჰოლდინგთან, ირაოსთან, იმედი L-თან არდისთან, პე ეს პე დაზღვევასთან და უნისონთან, რომელთაც სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 85% უჭირავთ.
"სადაზღვევო მაღაზიის" ელექტრონულ ვებ-პლატფორმაზე მხოლოდ სადაზღვევო შეთავაზებების განთავსება არ მოხდება. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, მომხმარებელს ვებზე სხვადასხვა კომპანიის სადაზღვევო შეთავაზების შედარების შესაძლებლობა ექნება. ვებ-პლატფორმას ექნება ასევე ონლაინ დახმარების ფუნქციაც.
Insuranceshop.ge სადაზღვევო პროდუქტებს შესთავაზებს კორპორატიულ კლიენტებსაც.
პორტალზე გაიყიდება ასევე იურიდიული პოლისი. იურიდიული პოლისი დაფარავს შესაძლო იურიდიულ ხარჯებს, რომელიც შეიძლება დაზღვეულს დაუდგეს კონკრეტული დაზღვევის პოლისის მოქმედების ფარგლებში.მაგალითად, სადაზღვევო შემთხვევის დროს შესაძლოა დადგეს სადავო ანაზღაურების საკითხი და საჭირო იყოს დაზღვეულის მხრიდან იურისტის ჩართვა.
ძირითადად, აღნიშნული პოლისი დაფარავს იურიდიულ კონსულტაციას სადაზღვევოსთან და მედიაციის სამსახურთან მოლაპარაკებას/დავას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო სარჩელის მომზადებას და კლიენტის ინტერესების დაცვას. როგორც insuranceshop.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, პოლისი იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი და მისი შეძენა ნებისმიერ დაზღვეულს შეეძლება.
"სადაზღვევო მაღაზიის" პროექტი საპარტნიორო ფონდის "სტარტაპ საქართველოს" ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. მათ 75 500 ლარის დაფინანსება მიიღეს. როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, ათვისებულია თანხის დაახლოებით 50%. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 86 500 ლარს შეადგენს.