Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადებიუტო წიგნი „ჯავშანი“ - ნინო სამყურაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
30.04.21 12:22
320

სადებიუტო წიგნი „ჯავშანი“ - წიგნის ავტორი, ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი „ქალების ნარატივში“

 

 -რა გახდა წიგნის დაწერის შთაგონება?

 -წიგნის დაწერამდე, პატარა ჩანახატებს ვწერდი ხოლმე, ამ ამბავმა კი, რომელსაც წიგნი ეფუძნება, გადამაწყვეტინა ცოტა მეტი დამეწერა, მოვიაზრებდი, რომ ესეც ჩანახატი ყოფილიყო, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ამბავი რომანად უნდა გადაქცეულიყო. ახალი ამბების ჟურნალისტებს დრო ნაკლებად გვაქვს ხოლმე. “ჯავშნის“ წერა 2019 წელს დავიწყე, შემდეგ ამ პერიოდს დაემთხვა „რუსთავი 2“-ის ცნობილი მოვლენები და გარკვეული დროით წერა შევწყვიტე, უკვე პანდემიისას, კი 2020 წლის მარტის პერიოდიდან აქტიურად ვწერდი და გამოვიდა მცირე რომანი. წერა ივნისში დავამთავრე. აღსანიშნავია, რომ ის, რომ წიგნს ვწერდი, მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა იცოდა. ოქტომბერში წიგნი გამომცემლობა „ინტელექტში“ მივიტანე და ძალიან მალე დამიდასტურეს. ნოემბერის დასაწყისში უკვე ვთქვი, რომ წიგნი დავწერე და მალე გამოიცემა. შედეგით კმაყოფილი ვარ. წერის დროს საერთოდ სხვა პროცესში გადადიხარ, ყოველდღიურობიდანაც გამოდიხარ. წიგნის გამოცემის პროცესი ძალიან საინტერესო მომენტია - რთული, საკირკიტო, მაგრამ საინტერესო.    

 

-წიგნის დაწერასთან ერთად თქვენთვის ახალ ამპლუას რესპონდენტობა წარმოადგენს; ჟურნალისტობა უფრო მოგწონთ თუ რესპონდენტობა? 

-რესპონდენტობას მირჩევნია ჟურნალისტობა, კითხვების დასმა. ახლა მივხვდი, რომ რესპონდენტობა არ ყოფილა მარტივი. მივხვდი, რატომ ბრაზდებიან ჩაკითხვებისასაც. თანაც, ხანდახან მაქვს განცდა, რომ რესპონდენტობისას ისე ვყვები, როგორც ჩართვაზე დგომისას. ნელ-ნელა მივეჩვიე, რომ ჩართვაზე ყოფნის მსგავსად არ მომეყოლა.   

 

-რა არის წიგნის მთავარი სათქმელი?  

-წიგნში მძიმე ამბავი აღწერილი. „ჯავშანს“ ჰყავს ერთი მთავარი გმირი - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. შევეცადე მომეყოლა როგორც ექცევა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს საზოგადოება. წიგნში სიუჟეტი თბილისსა და მოსკოვში ვითარდება. პერიოდის თვალსაზრისით, დაახლოებით 70-იანი წლებიდან 2000-იანების დასაწყისამდეა მოქცეული, თუმცა ძირითადი დატვირთვა არის საბჭოთა კავშირის პერიოდზე. გმირმა მძიმე გზა გაიარა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ილაპარაკო, მოყვე. წიგნი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ავტორმა, რაღაცები მივამატე და გამოვაკელი. ამ ადამიანთან, უშუალოდ შეხება მქონდა. 

  

-ამ მხრივ, თქვენი მთავარი მიზანი შედგა?

-შეიძლება ითქვას, რომ ასეა. შეიძლება წიგნში სხვა პერიოდია აღწერილი, მაგრამ ეს პრობლემები ახლაც დგას დღის წესრიგში, შევეცადე ეს განმეზოგადებინა. გამომეტანა ღიად, რადგან აღწერილი პრობლემების წინაშე ახლაც ვდგავართ. შეიძლება უფრო თამამად ვსაუბრობთ, მაგრამ ეს გამოწვევები ისევ არსებობს და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.

 

-ადრე თუ გიფიქრიათ მწერლობაზე?

-მწერლობაზე არ მიფიქრია, ჟურნალისტობა კი ყოველთვის მინდოდა. ახლაც არ ვფიქრობ, რომ მწერალი ვარ, უბრალოდ ამბავი მოვყევი. მეორე წიგნის თვალსაზრისითაც, ვფიქრობ რაღაცებზე. როდესაც ვთქვი, რომ წიგნი დავწერე, მეკითხებოდნენ, ისინი თუ მოხვდნენ რაიმე ნაწილში, თუნდაც მათ ერთი ფრაზა.  მივხვდი, რომ წიგნის გმირობა, ის რომ დარჩეს, ყველა ადამიანს უნდა.  

 

 

-შეგიძლიათ გამოყოთ თქვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ინტერვიუ?

-არ გამოვარჩევ, რადგან ჩემი რესპონდენტები ძირითადად, პოლიტიკოსები არიან, თუმცა აღვნიშნავს, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტია ლევან ბერძენიშვილი. მას შეუძლია თემა საინტერესოდ აქციოს. 

 

-საქმეში რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

-ახალი ამბების ჟურნალისტისთვის ყოველი დღე მაინც განსხვავებულია. მე ვარ ახალი ამბების ჟურნალისტი და ვიტყვი, რომ ეს საქმე არ მბეზრდება.

 

 



ნინო სამყურაშვილი - ჟურნალისტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day