Home
Category
TV Live Menu

"სადისტრიბუციო კომპანიები იძულებული გახდებიან, ხელფასი 50%-ით მაინც გაზარდონ"

5a5f4460664a2
მაია ბიწაძე
17.01.18 17:00
1319
დისტრიბუტორები და რითეილერები მერიის ინიციატივას, რომელიც სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური გრაფიკის დაწესებას გულისხმობს, კონსტრუქციულად ხვდებიან, თუმცა, იმ სავარაუდო რისკებზეც საუბრობენ, რაც შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. საუბარია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე, დღის საათებში, შეზღუდვების დაწესებაზე, რასაც თბილისი მერია ამ ეტაპზე ქალაქში საცობების განტვირთის მიზნით განიხილავს.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, ეს შეზღუდვა, შესაძლოა, მძიმედ დააწვეს მცირე და საშუალო მაღაზიებს, რომელთა წილიც მთლიან სავაჭრო ობიექტებში 70%-ია.

"დისტრიბუციისთვის ეს ინიციატივა შეიძლება არ იყოს იმდენად საზიანო, რამდენადაც მცირე და საშუალო მაღაზიებისთვის, რადგან მათ ძალიან გაუჭირდებათ ღამის რეჟიმშზე გადართვა. საუბარია, რომ მომარაგება მოხდეს საღამოს 8 საათის შემდეგ, ასეთ მაღაზიებში მენეჯერები 8 საათის შემდეგ აღარ არიან და თანხასაც არ აჩერებენ, ასეთი ობიექტების მეპატრონეებს, რომელთა შემოსავალი ისედაც მწირია, მოუწევთ თანამშრომლების ღამის ცვლაში დამატება, რომელთაც ხელფასი უნდა გადაუხადონ, რამდენად გაუძლებს ამას პატარა მაღაზია, სათუოა...ამიტომ, არ არის გამორიცხული, მათი უმრავლესობა დაიკეტოს. დარჩებიან მხოლოდ ქსელური მაღაზიები, რომელთაც, ექნებათ იგივე პრობლემები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილები არიან, გაცილებითი იოლად აუვლენ ამ პრობლემას, თუმცა, ხარჯები მათაც გაეზრდებათ, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე აისახება“ - აცხადებს ივა ჭყონია.

მისივე განმარტებით, დამატებით თანამშრომლების აყვანა სადისტრიბუციო კომპანიებსაც მოუწევთ, რაც შესაბამაისად მათ ხარჯებსაც გაზრდის:

"სადისტრიბუციოს შემთხვევაში, მაგალითისთვის ვიტყვი, თუ ერთ ადამიანს პროდუქცია მიაქვს დღის განმავლობაში ეს ნორმალურია, მაგრამ ღამის განმავლობაში ერთ ადამიანს ვერ ამუშავებ, რადგან ფიზიკურად ეს შეუძლებელია, უნდა ამუშაო ცვლები. სადისტრიბუციო კომპანიები იძულებული გახდებიან, რომ ხელფასი 50%-ით მაინც გაზარდონ. ასევე მოგვიწევს, ერთი ადამიანის დამატება საწყობში, რომელიც ღამის ცვლაში იმუშავებს და მინიმუმ ერთი ოპერატორის, რომელიც ზედნადების კორექტირების შემთხვევაში, მზად იქნება, რომ ეს სამუშაო შასრულოს.

აგრეთვე გასათალისწინებელია კრიმინოგენული ვითარებაც, რაც ბოლო პერიოდში მომატებულია, დისტრიბუტორებმა ღამით უნდა იარონ თანხით, მაღაზიაც თანხით უნდა დახვდეს, რომ განახორციელოს ანგარიშსწორება, ასევე ოფისმაც ღამე უნდა მიიღოს ეს თანხები, ასე რომ მათი დაყაჩაღების რისკფაქტორიც მაღალია",- განაცხადა ჭყონიამ.
ივა ჭყონიას განმარტებით, კარგი იქნება თუ მერია ამ პროცესს ეტაპობრივად განახორციელებს:

„დადებითია, რომ ამ თემაზე ჩვენთან მიდის აქტიური კომუნიკაცია და ეს ცალმხრივად არ ხდება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საჭიროა, ჩატარდეს კვლევა და ამის საფუძველზე მოხდეს ამ ყველაფრის გადაწყვეტა, თუ რამდენად მძიმედ აწევს სადისტრიბუციო მანქანები საცობების წარმოქმნას. ვფიქრობ, ამ ყველაფრის განხორციელება კარგი იქნება ერთი, ან ორი წლის შემდეგ, რომ კომპანიები ნელ-ნელა გადაეწყონ ამ რეჟიმზე. როდესაც 70% არის საცალო სავაჭრო ობიექტი, დაახლოებით 3 500-მდე საცალო მაღაზიაა, აქედან ნახევარიც რომ ვერ გადაეწყოს, ეს ადამიანები და მათ უკან მდგომი ოჯახები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან. გარდა ამისა, არის რისკფატორი, რომ ამ მაღაზიის მეპატრონეები ბაზრობაზე გადაერთვებიან და იქიდან მოხდება აღურიცხავი პროდუქციის მიიღება. ასევე არის რისკი, რომ სადისტრიბუციო მანქანები ჩაანაცვლოს მაღაზიების კუთვნილმა მანქანებმა, რაც ვერ მოხსნის საცობების პრობლემას“,- განაცხადა „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.



Subscribe to our news

Get the main news of the day