საქართველო ინდოეთის რესპუბლიკაში საკუთარ წარმომადგენლობას გახსნის. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილს ბიზნეს სექტორთან შეხვედრა ჰქონდა, - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.
-ბატონო ზვიად, არჩილ ძულიაშვილი ბიზნესს შეხვდა და რა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი?
-მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს პერსპექტიული თანამშრომლობა აქვთ. ჩვენ რეგულარულად ვაწყობთ ახალ დანიშნულ ელჩებთან შეხვედრებს. ეს შეხვედრაც სწორედ ამის მაგალითია. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილთან ბიზნესის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ პერსპექტივაზე, თუ რა პროექტებში იქნება შესაძლებელი რომ ჩვენმა საელჩომ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ხელი შეუწყოს.
- საექსპორტო მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანია ინდოეთი ჩვენთვის ?
-უკვე არსებული ციფრები არ არის იმის მაჩვენებელი, რაც მართლა უნდა იყოს ინდოეთთან, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ინდოეთს განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი აქვს ვაჭრობის და ეს პოტენციალი აუცილებლად გამოსაყენებელია. ჩვენი საელჩო და პირადად ელჩი ძალიან დაინტერესებულია, რომ დახმარება გაუწიოს ქართულ კომპანიებს ინდოელ პარტნიორებთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარებასა და გაძლიერებაში. ინტერესი ორივე მხრიდან მოდის. ბიზნესის მხრიდანაც და ჩვენი საელჩოს, კერძოდ ახალდანიშნული ელჩის მხრიდანაც და ასევე ჩვენი საბჭოს მხრიდანაც. ასეთი ტიპის შეხვედრები და კონსულტაციები ყოველთვის დადებითი შედეგის მომცემია.
- 2015 წელს 220 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ინდოეთიდან, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თქვენი შეფასებით, რამდენად აქტიურად უნდა იყოს ამ კუთხით ჩართული ჩვენი საელჩო, რომ ინდოეთიდან ინვესტიციების შემოდინება გაიზარდოს?
-ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოებს ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვთ და ჩვენი საელჩოების დიდი მუშაობის შედეგად მიმაჩნია, რომ ამას განსაკუთრებული შედეგი ექნება, ვინაიდან სწორედ ეკონომიკური მიმართულება - ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საელჩოებისთვის და პირადად ელჩისთვის. თუ ჩვენ თანამშრომლობის პერსპექტივებს შევქმნით, ვფიქრობ, რომ კარგად შეიძლება აღნიშნული საკითხი განვითარდეს და საელჩოს ეს პოტენციალი შესაძლოა კარგად იყოს გამოყენებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის.