"საერთაშორისო ბაზარზე საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა"
BM.GE
17.11.17 13:11
• 821
საწვავის ფასების მატების მიზეზებზე ’’საქმის კურსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საუბრობს.
-ბატონო ვანო, უნდა ველოდოთ თ არა საწვავის ფასების შემცირებას უახლოეს პერიოდში?
-საერთაშორისო ფასების ზრდა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან ფიქსირდება და ამ პროცესებმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ ჩვენთან ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირება რამდენჯერმე მოხდა. მხოლოდ კონკრეტულად ოქტომბრის თვეს თუ განვიხილავთ, იმ პერიოდიდან დღემდე ფასი საწვავზე საშუალო 10-15 თეთრით არის გაზრდილი. ამ დღეებშიც მოხდა ფასის მორიგი გაზრდა 3-5 თეთრის ოდენობით. უკანასკნელ ორ დღეში საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლება მოხდა, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს იმის მიზეზი, რომ ოპტიმალური პროგნოზები გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ტენდენცია მნიშვნელოვანია და კარგია, რადგან ამან გამოიწვია ის, რომ პლაცის მიხედვით, საერთაშორისო ფასებიც კლებისკენ წამოვიდა. დაახლოებით 20-25 აშშ დოლარით ჩამოვიდა ტონაზე. სასურველია ჩვენ პროცესებს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
-საქართველოში საწვავის ფასების გაძვირებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ერთი ინდიკატორი ლარის კურსია, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
-საწვავის საერთაშორისო ფასებზე მნიშვნელოვანი მატება გვაქვს სახეზე. ასევე მეორე ნეგატიური მომენტი გვაქვს, რადგან საწვავის ფასის ფორმირების დროს ისევე, როგორც საერთაშორისო ფასს ლარის კურსსაც აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუ ჩვენ ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებაში განვიხილავთ, ის ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული, რაც დამატებითი წნეხია.
-კურსის აღნიშნული მერყეობის პირობებში ფასის დადგენა იმპორტიორებსაც ხომ არ უჭირთ?
-ფასის დადგენა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან საწვავი სწრაფად გაყიდვადი პროდუქტია, რომელიც დროის მოკლე ინტერვალში იყიდება. ეს კომპანიები პროდუქტს აშშ დოლარში იძენენ, შემდგომ იგი ადგილობრივ ბაზარზე ლარში იყიდება და ბოლოს მიღებული თანხით აშშ დოლარის შეძენა უწევთ და კურსთა სხვაობები, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება ბიზნესს აბსოლუტურად არაპროგნოზირებად ვითარებაში აგდებს. აქ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან ზარალს აქვს ადგილი. საერთაშორისო ფასების ზრდამ და ლარის კურსმა - ორივე ფაქტორის ერთობლიობას შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა ჩვენ ქვეყანაში საწვავის ფასზე, თუმცა კომპანიებს უპირველესად მომხმარებლის დაკარგვა, ანუ შემცირება არ სურთ და ზრუნავენ ამაზე, მათ შორის მნიშვნელოვანი კონკურენციაა და მიმდინარე ფასები სწორედ ამ მოტივით არის შენარჩუნებული.
-თქვენი აზრით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ზრდის ძირითადი მიზეზი რა არის?
-ერთ-ერთი მთავარი მიზეზი OPEC-ის შეთანხმებაა საწვავის მოპოვების შემცირებაზე. საყოველთაო მოსაზრებით საკმაოდ დიდი დისბალანსი არსებობს, თავისუფალი ნავთობი ჭარბი რაოდენობით არის და აქედან გამომდინარე, სწორედ მოპოვების შემცირებით ცდილობენ ისინი ბალანსის აღდგენას. აღნიშნული პოლიტიკა დიდი ალბათობით მომავალ წელსაც გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს პოლიტიკა OPEC-ის წევრი ქვეყნების გადასახედიდან სწორია, რადგან მათ გარკვეულწილად ფასების სტაბილიზაციას მიაღწიეს. თუ ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულის ფასებს განვიხილავთ ვნახავთ, რომ ფასები 45$-52$-ის ფარგლებში იყო და დღეს 62$-იან ნიშნულზეა. ბოლო პერიოდში ფასების შემცირებას რაც შეეხება, ეს ცალკე არსებულ მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ ფაქტორებს, მაგალითად როგორიც არის აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის (API) მომავალი წლის ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებული პროგნოზი, სადაც საუბარია, რომ ნავთობი შემცირდება და გარდა ამისა, აშშ-ში ყოველკვირეულად ქვეყნდება ნავთობის მარგებთან დაკავშირებით ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მარაგები საგრძნობლად გაზრდილია. სწორედ აღნიშნულმა ინფორმაციებმა განაპირობეს ის, რომ ნავთობის ფასი დაბლა წამოვიდა. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში მაინც არაპროგნოზირებადი ვითარებაა.