"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები. კვლევის საანგარიშო პერიოდი ძირითადად 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც მოიცავს.
ანგარიშში შემდეგი ძირითადი მიგნებებია განსაკუთრებით აღსანიშნავი:
ფარმაცევტული ბაზარი საბაზრო ძალაუფლების არც თუ ისე მკაფიო კონცენტრაციით ხასიათდება. 2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს „პსპ ფარმა” - 22.32%, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია” - 14.91%, შპს „ავერსი - ფარმა” -14.54%, სს „ჯი პი სი - 10.20%” და შპს „გლობალფარმი” - 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სი ფარმაციის’’ და სს „ჯი-პი-სი’’-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. ასევე აღსანიშნავია აღნიშნული შერწყმის დადებითი მხარეებიც, კერძოდ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას;
"საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც. აღნიშნულ სტანდარტებზე გადასავლას მთავრობა 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მთავრობის ახალი დადაგენილებით ის 2018 წლისთვის გადაიდო;
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე, როგორც ჩანს, არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი/ბიუჯეტი ამ ფუნქციის ეფექტიანად შესასრულებლად. ასევე დღეს არსებული კანონმდებლობაც სრულად ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას;
ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციის წესი ქმნის ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირე რისკებს", - ვკითხულობთ კვლევაში.